სიახლეები

ევროკავშირის სამწლიანი პროგრამა დასრულდა – გაიგე, რა გაკეთდა ახალგაზრდების დასასაქმებლად

28.09.2023
ევროკავშირის სამწლიანი პროგრამა დასრულდა – გაიგე, რა გაკეთდა ახალგაზრდების დასასაქმებლად

27 სექტემბერს ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოება ერთად ახორციელებდნენ სამიზნე რეგიონებში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

ევროკავშირის პროგრამების მენეჯერის, ნიკა ყოჩიშვილის თქმით, სამწლიანი პროგრამის მთავარი მიზანი იყო რეგიონში მცხოვრები ადამიანების დასაქმების ხელშეწყობა:

„ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც გვაჩვენა, რომ სხვადასხვა მხარეების მონაწილეობით უკეთესი ცხოვრების მიღწევაა შესაძლებელი.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო მაღალმთიან და სასაზღვრო დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიცემა. ისინი, ასევე ჩართული იყვნენ სამეწარმეო პროგრამაში“ – აღნიშნა ნიკა ყოჩიშვილმა.

ნინო (ნიკა ყოჩიშვილი)

საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი, ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტის ოფიცერი ზურაბ სამარღანიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის დასაქმების ხელსაყრელი პირობების შექმნა იყო. საუბარია 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე, რომლებიც წლების განმავლობაში არც მუშაობდნენ და არც სასწავლო პროცესში იყვნენ ჩართულნი:

„ასეთ ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ პირველი სამსახურის პოვნა. ისინი ეძებენ სამსახურს, მაგრამ სამუშაო ბაზარზე გამოცდილებას ითხოვენ. ამიტომ, ჩვენ შევქმენით ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა.

ამ პროგრამის ფარგლებში ოთხმოცზე მეტი ახალგაზრდა დასაქმდა. დღეის მდგომარეობით, მათმა უმრავლესობამ გააგრძელა იმავე ან სხვა კომპანიაში მუშაობა მიღებული გამოცდილების შემდეგ“, – ამბობს ზურა სამარღანიშვილი და აღნიშნავს, რომ ჯამში 1400-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარნენ უნარების განვითარებასა და ახალი ცოდნის მიღებაში.

ზურაბ სამარღანიშვილი

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორის, ნინო კიკნაველიძის თქმით, პროექტის ბენეფიციარებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი მეწარმეობაში, რომლის შემდეგ მათ იდეები დაუფინანსეს:

„სხვადასხვა რეგიონში რვა სტარტაპი დაფუძნდა. თითოეულ ამ ახალგაზრდას ოთხი ათასი ევრო გადაეცა ამ სტარტაპის შესაქმნელად. მათ სხვადასხვა საჭირო ტრენინგი ჩაუტარდათ, საბოლოოდ ჩამოაყალიბეს ეს ბიზნესები და აქტიურად მუშაობენ“ – აღნიშნავს ის.

აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (IJH) იყო. ამ რეგიონის მასშტაბით, LINKS პროექტის საქმიანობის შედეგად, 500-ზე მეტმა 15-დან 29 წლის ახალგაზრდამ განივითარა დასაქმებისათვის საჭირო უნარები. პროექტის 235-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა პროფესიული და კარიერული კონსულტაცია.

პროექტის კოორდინატორი ქეთი ადეიშვილი ამბობს, რომ პროექტის დაწყება პანდემიას დაემთხვა, რამაც სირთულეები გამოიწვია:

„ამიტომ, მოგვიწია ონლაინ პლატფორმების გამოყენება და დასაწყისში გავაკეთეთ საგანმანათლებლო კურსები. ესენია: ინგლისური ენის კურსი, კომპიუტერული უნარების კურსი და მეწარმეობის კურსი.

შემდეგ ეტაპზე კარიერული კონსულტაციები გაიარა 220-ზე მეტმა ახალგაზრდამ. ასევე გვქონდა სამუშაო შეხვედრები ბიზნესსექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ ოთხ ასეთ სასწავლებელთან.

სტაჟირების პროგრამის შემდეგ 17 სტაჟიორთაგან თორმეტმა გააგრძელა მუშაობა იმავე ან უკეთეს კომპანიაში. სამმა სწავლა გააგრძელა, ხოლო ორმა მონაწილემ პრობლემების გამო ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება.

სტაჟირების პროგრამის მონაწილეებიდან სამუშაო გამოცდილება თითქმის არცერთს ჰქონდა და ამ მხრივაც, ძალიან წარმატებული პროექტი გვქონდა“, – ამბობს ქეთი ადეიშვილი.


„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs) ფარგლებში „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: