ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] რუსეთ-უკრაინის 4 ივლისის ანგარიშში წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინული ძალები ფოკუსირებულნი არიან ფრონტზე რუსული ადამიანური რესურსებისა და აღჭურვილობის შემცირებასა და ძალის გამოცლაზე და, ამავე დროს, უკრაინული ძალები აგრძელებენ სტაბილურ, თანდათანობით წინსვლას.
ანგარიშში ამის დასტურად მოყვანილია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის 4 ივლისის განცხადება, როცა მან თქვა, რომ უკრაინული ძალები ასრულებენ თავიანთ მთავარ ამოცანას, გაანადგურონ რუსული ცოცხალი ძალა, აღჭურვილობა, საწვავის საწყობები, არტილერია და საჰაერო თავდაცვა.
დანილოვის შეფასება ხაზს უსვამს, რომ უკრაინა პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის ძალების გახარჯვას/ამოწურვას, ვიდრე დიდი ტერიტორიის სწრაფად დასაბრუნებლად ფართო, მექანიზებული მანევრების ჩატარების მცდელობას – წერენ ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ბობ ბაუერმა, 3 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები მართალნი არიან, როცა ფრთხილად მოქმედებენ კონტრშეტევისას დიდი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და მანვე აღიარა, რომ კონტრშეტევა რთულია ნაღმებისა და სხვა დაბრკოლებების გამო.
ამერიკელი ექსპერტები წერენ, რომ უკრაინის სამხედრო ოპერაციების ამჟამინდელი ტემპი არ მიუთითებს ჩიხზე ან იმის მტკიცებულებაზე, რომ უკრაინა ვერ დაიბრუნებს დიდ ტერიტორიებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ოთხ სექტორზე და დაწინაურდნენ კიდეც.
ISW-ი ანგარიშში ასევე წერს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე, რომელთან დაკავშირებითაც უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთმა უკვე გაიყვანა თავისი პერსონალი სადგურიდან. ISW-ი მიიჩნევს, რომ ნაკლებ სავარაუდოა დივერსია, რომელსაც, შესაძლოა, რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინას დააბრალებს, რადგან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურების რეაქტორები ისეა აშენებული, რომ გაუძლებს მნიშვნელოვან ზიანს. „უკრაინულმა სამხედრო წყაროებმა გაიმეორეს ეს შეფასება და აღნიშნეს, რომ სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქების შემთხვევაშიც კი, დაზიანება არ დააზარალებს რეაქტორს, არამედ შექმნის ცრუ შთაბეჭდილებას, რომ უკრაინულმა ძალებმა რეაქტორები დაბომბეს“ – წერს ISW-ი.
ანალიტიკოსები ანგარიშში ასევე წერენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც რუსეთი აყალიბებს ახალ არმიას ჩრდილოეთ ფლოტის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ნატოს წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანობის საჩვენებლად.






