სიახლეები

ქობულეთის სანაპიროს დაცვა სჭირდება – კიდევ რას წერენ სპეციალისტები

11.06.2023
ქობულეთის სანაპიროს დაცვა სჭირდება – კიდევ რას წერენ სპეციალისტები

ქობულეთის საკრებულო 14 ივნისის სხდომაზე 5 სამშენებლო პროექტის განაშენიანების გეგმისა და კონცეფციის წარდგენას გეგმავს. დოკუმენტი განაშენიანების არეალში გარკვეული კვლევების მომზადებას ითვალისწინებს, რაზეც დავალებას მერია გასცემს.

წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, სპეციალისტები წერენ, რომ ქობულეთის სანაპიროს წარეცხვისგან დაცვა სჭირდება.

„ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ და ფართო მასშტაბიანმა ტექნოგენურმა დატვირთვამ უარყოფითი გავლენა იქონია ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე მორფოდინამიკურ პროცესებზე, რომელიც ნაპირების წარეცხვაში და მასზე აშენებული ობიექტების ნგრევაში გამოიხატა…

დატვირთვა ყველაზე მეტად შეეხო ზღვის სანაპირო ზონის ყველაზე აქტიურ ზოლს – პლაჟს. პლაჟი ბუნებრივი ნაპირდამცავი მექანიზმია, რომელიც იცავს სანაპიროზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს ნგრევისა და წარეცხვისაგან. აქედან გამომდინარე, ქობულეთის ურბან-მენეჯმენტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ზღვის ნაპირის წარეცხვისაგან დაცვა წარმოადგენს. აშკარაა ამ პროცესის შედეგად წარმოქმნილი პრობლემის აქტუალობა და მისი დეტალური ანალიზის აუცილებლობა“, – ნათქვამია კონკრეტული უბნის განაშენიანების კონცეფციაში, რომელიც მერიას შპს „ჰოლდინგმა“ წარუდგინა.

სპეციალისტი ასევე წერს, რომ ქობულეთის სანაპირო ზოლი [დაახლოებით 11 კმ] ერთ-ერთი ავარიული უბანია აჭარის ფარგლებში. განსაკუთრებული ავარიულობით გამოირჩევა ქალაქის სამხრეთი ნაწილის 4 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც ყოველი ძლიერი შტორმი იწვევს პლაჟების წარეცხვას, საყრდენი კედლის და ზღვისპირა ბულვარის საფარის დაზიანებას, მიმდებარე ტერიტორიების დასილვას.

სპეციალისტის განმარტებით, ძველი ნაპირგასწვრივი ზვინული აგებულია მდინარე ჭოროხის მასალით – მასზე კი გაშენებულია ქობულეთი. მის წინ არსებული პლაჟები, ნატანის დეფიციტის გაჩენამდე, შავი ზღვის სანაპიროზე გამოირჩეოდა დიდი სიმაღლითა და სიგანით. გაბატონებული სამხრეთ-დასავლეთის და დასავლეთის ტალღების მიმართულება სანაპირო ხაზის ექსპოზიციის მიმართ განაპირობებს სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, მდინარე ნატანების შესართავამდე არსებული ნატანის ნაპირგასწვრივ ნაკადს. მისი ხარჯი შეადგენს დაახლოებით 20 ათას მ3 /წელიწადში.

„იშვიათი, ჩრდილო-დასავლეთი მიმართულების ღელვები გადააადგილებს მდინარე ნატანების ქვიშას შესართავიდან სამხრეთისაკენ და მისი გავლენის არეალი შემოიფარგლება დაახლოებით 1კმ-ით, ქ. ქობულეთის ჩრდილოეთით. ამგვარად, ქობულეთის სანაპირო ზონას პლაჟშემქმნელი ნატანი მიეწოდება მდინარეებიდან – დეხვა, კინტრიში და აჭყვა. მისი ჯამური წლიური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 10-11 ათას მ 3-ს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსხვილი მასალის დანაკარგი ცვეთაზე ყოველ ერთ 30 გრძივ კილომეტრზე შეადგენს დაახლოებით 1 ათას მ3-ს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქობულეთის 10 კმ-იან სანაპირო ზონაში სამხრეთიდან ტალღებით გამოტანილი ნატანის მოცულობა საკმარისია მხოლოდ ცვეთაზე დანაკარგების საკომპენსაციოდ“, – ნათქვამია კონცეფციაში.

ამ კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი ეკოლოგიისა და გარემოს მიმართულებით ეკოლოგი ლევან ზაზაძეა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: