დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით რუსეთი დატოვა, სავარაუდოდ, უკვე აღემატება რუსეთის ძალების იმ რაოდენობას, რომელიც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გადაისროლა.
„7 დღეში, მას შემდეგ, რაც პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა, რუსების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, ის უკვე აღემატება რუსეთის მთლიანი ძალის რაოდენობას, რაც კრემლმა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გამოიყენა,“ – წერს უწყება 29 სექტემბრის რელიზში.
უწყება მიუთითებს, რომ მათ შორის ვინც რუსეთის დატოვებას ცდილობს, არიან შედარებით უზრუნველყოფილი და განათლებული ადამიანები.
დაზვერვა ვარაუდობს, რომ ქვეყნიდან წასულთა რაოდენობა მობილიზებულ რეზერვისტებთან ერთად, რუსეთისთვის მალე თვალსაჩინოს გახდის ეკონომიკურ შედეგებს, რაც მუშახელის რაოდენობის შემცირებაში და „ტვინების გადინებაში“ გამოიხატება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ ბოლო დღეებში უკრაინამ თავისი კონტრშეტევა გააქტიურა და უკრაინის არმია ნელა, მაგრამ მაინც განაგრძობს წინსვლას მდინარეების – ოსკილისა და სივერსკი დონეცის ნაპირებზე.






