„იყიდება ჰორიზონტი“ – ამ წაწერით ბანერი ტურისტებს ბათუმის ბულვარში, პირსის ბოლო ნაწილში დახვდათ. ამ პირსის ქვეშ კი, ახალგაზრდებმა ინსტალაცია გამოფინეს და შეხვედრის სივრცე მოაწყვეს – ქალაქში ურბანულ პრობლემებზე სასაუბროდ.
პროექტის ერთ-ერთი ავტორის, მარიამ მორჩაძის განმარტებით, ისინი ურბანულ საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ შეხვედრებს ნოემბრის ბოლომდე გააგრძელებენ, შეგროვილ ინფორმაციას კი, გამოიყენებენ რეკომენდაციებისთვის, რომლებსაც ბათუმის მერიას მიაწვდიან. ასევე, გეგმავენ მერთან შეხვედრას.


„ ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს პლატფორმის შექმნას სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ უფრო მეტი ილაპარაკოს ურბანულ გამოწვევებზე. შეხვედრისთვის მიზანმიმართულად ავირჩიეთ საჯარო სივრცე, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ პრივატიზებული იყო. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საჯარო სივრცეები ჩვენია, ჩვენ უნდა ავითვისოთ ისინი და არავის აქვს უფლება ამაში ხელი შეგვიშალოს.“ – ამბობს მარიამი.

მარიამ მორჩაძე
პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვა შესაძლებელია იყოს კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ „კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ქალაქზე“.
ურბანული პრობლემები პროექტის თემად ახალგაზრდებს შემთხვევით არ აურჩევიათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა დღეს ბათუმში და ის უსაფრთხებასთან მჭიდრო კავშრირშია.
ბანერზე მოცემული შინაარსი კი „იყიდება ჰორიზონტი“ ზუსტად გამოხატავს ბათუმში ბოლო დროინდელ ურბანულ პოლიტიკას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ზღვის პირველ ზოლში, გრძელ მონაკვეთში მას ალბათ მხოლოდ წარსულ დროში ჩასმა დასჭირდება, მაგალითად: „გაიყიდა ჰორიზონტი.“
ბათუმში ჰორიზონტი მართლაც ბევრჯერ გაიყიდა.
ამ ამბის ერთი მხარე ის არის, რომ მას შემდეგ რაც სანაპიროზე ჰორიზონტი გაიყიდა და აქ ცათამბჯენები აშენდა, უკანა ფონზე მცხოვრებლები ჰაერის ნაკადისა და მზის სხივის გარეშე დარჩნენ.
მეორე კი ის, რომ მშენებელმა კომპანიებმა დაარღვიეს იმათი უფლებებიც ვინც „ზღვის ჰორიზონტის“ შესაძენად ორჯერ მეტი გადაიხადა, მათი ფანჯრების წინაც ააშენეს და ისიც „ჰორიზონტის“ ფასად გაყიდეს.
პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/435900/


