მთავარი,სიახლეები

ირანმა რუსეთს დრონების მსხვილი პარტია გადასცა – WP

30.08.2022
ირანმა რუსეთს დრონების მსხვილი პარტია გადასცა – WP

ირანმა რუსეთს დამრტყმელი დრონების პირველი მსხვილი პარტია გადასცა უკრაინაში გამოსაყენებლად – ინფორმაციას ამერიკული The Washington Post-ი ამერიკის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის სატვირთო თვითმფრინავებმა ჯერ კიდევ 19 აგვისტოს წამოიღეს ირანიდან Mohajer-6 და Shahed სერიის ორი ტიპის ლეტალური უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც რადარებზე, არტილერიასა და სხვა სამხედრო სამიზნეებზე დასარტყმელად საბრძოლო მასალების გადატანა შეუძლიათ.

CNN-ის წყაროები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ასევე ვარაუდობენ, რომ რუსეთმა უკვე მიიღო ირანული უპილოტო საფრენი აპარატების პარტია, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინაში გამოიყენებს. მანამდე ტელეკომპანია იუწყებოდა, რომ რუსმა სამხედროებმა ირანული დრონების Shahed-191-ისა და Shahed-129-ის მართვის ტრენინგი გაიარეს.

WP-ის რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ აგვისტოში რუსეთისთვის გადაცემული დრონები ირანთან შეთანხმების მხოლოდ ნაწილია, თეირანი მოსკოვისთვის რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატის გადაცემას აპირებს.

გამოცემის წყაროები ასევე ამტკიცებენ, რომ პირველი გამოცდის განმავლობაში, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩაატარეს, ირანული დრონები ხშირად გამოდიოდა წყობიდან, რის გამოც „რუსები უკმაყოფილონი იყვნენ“.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზას“ ინფორმაციით, თეირანი მუდმივად უარყოფდა მოსკოვისთვის დრონების გადაცემის ფაქტს, კომენტარზე უარს ამბობდნენ კრემლშიც.

თუმცა ამერიკელი ჟურნალისტების სტატიაზე დღეს შეკითხვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ „The Washington Post ამ ბოლო დროს ბევრ არასანდო ინფორმაციას აქვეყნებს, ხოლო რაც შეეხება ირანთან ურთიერთობას, ეს ურთიერთობები ყოველთვის დინამიკურად ვითარდებოდა და მომავალშიც ასე განვითარდება“.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი, უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში წერდა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში უკვე ჩართო ირანისგან მიღებული 46 დრონი, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ამერიკულ „ჰაიმარსებზე“ თავდასხმისთვის გამოიყენებს.

მთავარ ფოტოზე: ირანული დრონები/ფოტო: ირანის არმია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: