მთავარი,სიახლეები

გმირი „უკრაინის ფანტომების” მფრინავთა ბატალიონიდან

12.06.2022
გმირი „უკრაინის ფანტომების” მფრინავთა ბატალიონიდან

2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, 71 წლის ლუდმილა ლუტაშინამ შვილს, ანდრეის დაურეკა და უთხრა, რომ მზად იყო თავადაც აეღო იარაღი და ომში წასულიყო. ანდრეიმ დედა დაამშვიდა და უთხრა – უკრაინას საკმარისი სამხედრო ძალა ჰყავს მტრის წინააღმდეგ და არ არის საჭირო შენი ომში წასვლაო.

ამბავს უკრაინის გარდაცვლილი ეროვნული გმირის, ანდრეი ლუტაშინის დედა, ლუდმილა ლუტაშინა იხსენებს.

ანდრეი ლუტაშინი ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში, როგორც ტაქტიკური საავიაციო ბატალიონის წევრი. სწორედ ამ პილოტებს უწოდეს „კიევის ფანტომი“ მათი მრავალი წარმატებული საჰაერო ბრძოლისა და მტრის ჩამოგდებული თვითმფრინავების გამო.

ანდრეის ახლობლები ამბობენ, რომ საბრძოლო ოპერაციების დეტალებზე ის არასდროს საუბრობდა, უბრალოდ იმედიანად და დამაჯერებლად ამბობდა, რომ „ყველაფერი კარგადაა“.

„ჩვენ ვიცოცხლებთ ბიჭებო!“ – ამ სიტყვებით მიუშვა გამანადგურებელი დედაქალაქისკენ მიმავალი მტრის კოლონისკენ ანდრეი ლუტაშინმა – მისივე თანამებრძოლების მონათხრობის მიხედვით.

სიკვდილამდე მან მტრის ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაანადგურა.

„ანდრეიმ იცოდა, რომ ძალიან ვღელავდი მასზე, შაქრიანი დიაბეტი მაქვს და არ სურდა ჩემი ნერვიულობა“- ამბობს გმირის დედა, – „ვცადე მასთან დამერეკა, ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რას იტყოდა, მხოლოდ მისი ხმის გაგონება მსურდა, რომ დავრწმუნებულიყავი ცოცხალი იყო.

ზედმეტ კითხვებს არ ვუსვამდი. უბრალოდ დაჟინებით ვითხოვდი, რომ რძალი და შვილიშვილები დედაქალაქიდან ჩემთან გადმოსულიყვნენ.

ისინი მართლაც გადმოვიდნენ ჩემთან, 7 მარტს, ანდრეის დაღუპვამდე ერთი დღით ადრე. ჩვენი ბოლო საუბარიც ამას შეეხებოდა, როგორ ჩამოვიდნენ, როგორ დალაგდნენ. ვლაპარაკობდით ჩვეულებრივ, ყოფით თემებზე… მეორე დღეს კი სამყარო სამუდამოდ გაიყო ორ ნაწილად: ბედნიერ წარსულად და აუტანელ რეალობად“ – ამბობს ანდრეის დედა.

ანდრეი ლუტაშინს საავიაციო საქმის სიყვარული მემკვიდრეობით გადაეცა. მამამისიც მფრინავი იყო. უკრაინის გმირმა მთელი ბავშვობა თვითმფრინავების საწვრთნელ მოედანზე გაატარა, საავიაციო ტექნიკის გარემოცვაში, მის ირგვლივ ყოველთვის საუბრობდნენ ცაზე.

ანდრეის დედაც საავიაციო შტაბში მუშაობდა, ამიტომ მისი პროფესიული არჩევანი არავისთვის ყოფილა მოულოდნელი.

სწავლობდა ჩერნიგოვსკის სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ უკრაინის ქალაქ უმანში მსახურობდა. გარკვეულ ეტაპზე სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა, პენსიაზე გავიდა, სხვაგან დასაქმდა, მაგრამ 2014 წელს, როცა უკრაინას დასჭირდა, კვლავ ქვეყნის დასაცავად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. ის უმალვე დააბრუნეს ტაქტიკური ავიაციის ბატალიონის წევრად.

2014 წელს, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაიგეს მშობლებმა, რომ ანდრეი ფრონტზე იყო. მშობლებს აუხსნა, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, როცა ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა. 2022 წლის ფართომასშტაბიან ომშიც არავის გაჰკვირვებია, რომ ანდრეი ერთ-ერთი პირველი მფრინავი იყო, ვინც ომში წავიდა.

47 წლის მაიორი ანდრეი ლუტაშინი მშობლიურ ქალაქში, მუკაჩევოში დაკრძალეს, დიდების ხეივანში.

მას ორი შვილი, მეუღლე და მშობლები დარჩა.

11 მარტს ტაქტიკური საავიაციო ბატალიონის წევრს, საჰაერო-ცეცხლსასროლი და ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსს, ანდრეი ლუტაშინს, უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

_______________________________

წყარო: Armyinform

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: