მთავარი,სიახლეები

დრო არ გვაქვს, ხალხი კვდება – ექიმი მარიუპოლიდან ერდოღანს მიმართავს

06.05.2022
დრო არ გვაქვს, ხალხი კვდება – ექიმი მარიუპოლიდან ერდოღანს მიმართავს

უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ახალგაზრდა ექიმის მიმართვას. მედიის ცნობით, მარიუპოლელი მედიკოსი ყირიმელი თათარია და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს. ექიმი „აზოვსტალიდან“ ერდოღანს ხალხის გაყვანაში დახმარებას სთხოვს.

ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ არც კი ახსოვს ომის დაწყებიდან რამდენი დღე გავიდა, მის ხელებში კი ხალხი იხოცება: ტყვიების, შიმშილის, არასაკმარისი წამლების, საშინელი პირობების გამო.

„ჩვენ არ გვაქვს დრო, არ ვიცი, ხვალ მე ვიქნები თუ არა“ – ამბობს ექიმი.

ერდოღანისადმი მიმართვაში ახალგაზრდა კაცი ჰყვება, რომ ის მუსლიმია, ყირიმელი თათარი, წარმოშობით გირეადან. ოკუპაციამდე სწავლობდა სამედიცინოზე, ახლა კი „აზოვსტალში“ დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას უწევს. ამბობს, რომ ომამდე სიკვდილი არასოდეს ენახა, სასწრაფო დახმარების მანქანაზე მუშაობდა  და ყოველთვის ეხმარებოდა ადამიანებს.

„მაგრამ აქ, 2022 წელს, მტკივნეულია იმის გადატანა, თუ როგორ გვაკვდებიან ხელებში ჩირქოვანი ჭრილობებით ადამიანები ანტიბიოტიკების უქონლობის გამო. ჩვენ მუდმივად გვბომბავენ ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან“, – ამბობს ექიმი.

ის დასძენს, რომ იღუპებიან ქალები და ბავშვები. ექიმი ითხოვს, აზოვსტალის ტერიტორიიდან გაიყვანონ ყველა ადამიანი, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე სამხედროები. ის ამ კოშმარის დასრულებას ითხოვს.

ახალგაზრდა ექიმი აღნიშნავს, რომ თურქეთსა და უკრაინას ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთს უჭერდნენ მხარს. სახელმწიფოს და თავად ერდოღანს კი დიდი გავლენა აქვს რეგიონის პოლიტიკაზე.

„ჩვენ არ ვიცით, სად მივწეროთ და ვის მივმართოთ. ამიტომ მოგმართავთ პირადად თქვენ. გულწრფელად მჯერა, რომ ყოვლისშემძლე ალაჰი არ დატოვებს ჩვენს კეთილ საქმეებს და თქვენ დაგვეხმარებით“, – ამბობს ექიმი მიმართვაში.

ქალაქ მარიუპოლში რუსეთის არმია „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიას ბომბავს როგორც ხმელეთიდან, ისე ციდან და ზღვიდან. „აზოვსტალში“ მყოფი აზოვის პოლკის მეთაურები აცხადებენ, რომ რუსები უკვე შეიჭრნენ ქარხნის ტერიტორიაზე და მიდის სასტიკი ბრძოლები.

აზოვის პოლკის მეთაურები მიმართავენ უკრაინის და უცხოეთის ლიდერებს, გაიყვანონ ბავშვები, ქალები და დაჭრილები.

ამავე თემაზე: 

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: