სიახლეები

საბურავის წვისას სიმსივნის წარმომქმნელი ნივთიერებები გამოიყოფა – ჯარიმა 1500 ლარია

11.02.2022
საბურავის წვისას სიმსივნის წარმომქმნელი ნივთიერებები გამოიყოფა – ჯარიმა 1500 ლარია

საყოფაცხოვრებო, განსაკუთრებით კი ელასტომერული მასალების ღია წესით დაწვა ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ასსაბურავებითი მასალაა საბურავიც, რომელსაც დაძველების შემდეგ ხშირად წვავენ, შიგთავსიდან მეტალი რომ გამოათავისუფლონ.

საბურავები შეიცავს მონომერებსა და პოლიმერებს, ესენი კი თავის მხრივ შეიცავენ ბენზოტრიაზოლს, ფორმალდეჰიდს, ფენოლსა და სხვა მავნე კანცეროგენულ ნივთიერებებს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ არამცთუ წვის, არამედ ავტომანქანის ძლიერი დამუხრუჭების დროსაც კი ეს ტოქსიკური ნივთიერებები ჰაერში იფრქვევა და განსაკუთრებით საზიანოა ჯანმრთელობისთვის მისი შესუნთქვა, როცა ჯერ კიდევ 1 მეტრის სიმაღლეზეა მიწის ზედაპირიდან.

„საბურავების წვისას ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების ჟანგბადთან შეხებით ისეთი აგრესიული ნივთიერებები გამოიყოფა, როგორიცაა მაგალითად: იზოპრენი, პეროქსიდები, გოგირდის ორჟანგი, ტყვია, თუთიის სულფიდი და სხვა. ეს კანცეროგენები ადამიანებზე ძალიან მავნედ ზემოქმედებს.

სამწუხაროდ, გარკვეული კონცენტრაციით მათი შესუნთქვა იწვევს სიმსივნეებს. დედამიწის ზედაპირიდან 1 მეტრის სიმაღლეზე დატრიალებული ეს ნივთიერებები მოქმედებს ყველაზე მავნედ. ცოტა უფრო ზევით ასვლისას თანდათან განიფრქვევიან“, – ამბობს დავით ჩხაიძე.

ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ელასტომერული მასალის ღია წესით ან არადანიშნულებრივ საწვავ დანადგარში დაწვა კანონდარღვევად მიიჩნევა და გათვალისწინებულია ჯარიმაც – 1500 ლარი. ამავე კოდექსის მიხედვით, განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების უფროსის, ნატო დავითაძის თქმით, აჭარის და გურიის სამმართველოში გასული წლის განმავლობაში  მსგავსი ტიპის სამართალდარღვევის დაახლოებით 10 ფაქტია გამოვლენილი:

„ყველა ამ ფაქტის გამო გატარდა ადმინისტრაციული ღონისძიება. ეს ნიშნავს იმას, რომ ოქმი გადაეცა სასამართლოს და სასამართლო დადგენილებით სახდელი დაეკისრათ სამართალდამრღვევებს“, – ამბობს ნატო დავითაძე.

მისივე განმარტებით, თუ მოქალაქე შეესწრება ფაქტს, როცა ღია წესით საბურავებს ან სხვა სახის ელასტომერულ მასალებს წვავენ, მას შეუძლია მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე: 153.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: