განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების მხოლოდ 30 პროცენტია აცრილი

11.09.2021
ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების მხოლოდ 30 პროცენტია აცრილი

11 სექტემბერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკითხი სტუდენტების ვაქცინაციას შეეხებოდა.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების მაჩვენებლით აჭარა რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, სტუდენტების შემთხვევაში აცრის პროცესი აქტიური მაინც არ არის.

როგორც ცენტრი გვეუბნებიან, შეხვედრაზე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გასცეს ამომწურავი პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რის გამოც სტუდენტების ნაწილი ვაქცინაციას თავს არიდებს.

„ძირითადად კითხვები ჰქონდათ იმ მითებზე, რომელიც გავრცელებულია ვაქცინის ირგვლივ.

მაგალითად, ხომ არ ცვლის დნმ-ს ვაქცინა, ორი წლის შემდეგ ხომ არ გამოიწვევს ვაქცინა დაავადებებს ადამიანის ორგანიზმში და ასე შემდეგ. ჩვენ გვქონდა კონკრეტული პასუხები, რომელიც აქარწყლებს ამ მითებს და ეჭვებს. სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები ამით არ დასრულდება და გაგრძელდება“- გვეუბნებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

აქვე იმასაც ამბობენ, რომ ასაკობრივი ჩაშლა, ვთქვათ 18 -დან 25 წლამდე მოსახლეობის რა პროცენტია აცრილი, არ აქვთ, რის შემთხვევაშიც, უკეთ გამოჩნებოდა სტუდენტების აცრების პროცენტული მაჩვენებელი ქვეყანაში.

როგორ იღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, იცრებიან თუ არა სტუდენტები? – ვკითხეთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. მათი თქმით, ისინი სტუდენტების აცრების შესახებ ინფორმაციას სტუდენტური პორტალიდან იღებენ.

„ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვაქვს სტუდენტური პორტალი, სადაც 7 000-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული და აქ პერიოდულად ვაწარმოებთ გამოკითხვას.  გამოკითხვაში 700 პროფესორიდან მონაწილეობა მიიღო 424-მა, ხოლო 6 500 სტუდენტიდან – 4 577-მა.

გამოკითხვის შედეგად, ამ ეტაპზე პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის წარმომადგენლების 85%-ია ვაქცინირებული, ხოლო სტუდენტების – 30%. თუმცა სურათი ყოველდღიურად იცვლება და მზარდია დინამიკაში“ -გვეუბნებიან ბსუ-ს ადმინისტრაციაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში  ახალი სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება. 4 ოქტომბრისთვის კი სასკოლო გარემოში მხოლოდ იმ ქალაქებში და სოფლებში შეძლებენ სწავლის განახლებას, სადაც კორონავირუსის  დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.

სტუდენტებში ვაქცინაციის პროცესი დაბალი ტემპით რომ მიმდინარეობს, ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც აღნიშნა. მისი თქმით,  სტუდენტების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწავლა აუდიტორიებში განახლდეს.

_________________________

მთავარი ფოტო: ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია ბსუ-ში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: