განათლება,მთავარი,სიახლეები

„გამოცხადდეს მათემატიკის ტესტები რთულად“ – აბიტურიენტთა ჯგუფის მოთხოვნა და naec-ის პასუხი

09.08.2021
„გამოცხადდეს მათემატიკის ტესტები რთულად“ – აბიტურიენტთა ჯგუფის მოთხოვნა და naec-ის პასუხი

2021 წლის აბიტურიენტთა ერთი ჯგუფი პეტიციის საშუალებით პარლამენტსა და განათლების სამინისტროს მიმართავს.

პეტიციის მოთხოვნაა „გამოცხადდეს მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად“. პეტიციას ამ დროისთვის [16:28] 7000-ზე მეტი  აბიტურიენტი აწერს ხელს.

პეტიციაში წერია, რომ მათემატიკის 2021 წლის ტესტი სკოლაში ნასწავლი ამოცანების სირთულეს არ შეესაბამება. აბიტურიენტები მიუთითებენ, რომ ტესტი იყო ურთულესი და შეესაბამებოდა მხოლოდ მათემატიკური სკოლის მოსწავლეების მომზადების დონეს.

„იყო შემთხვევები, როდესაც კითხვა იმდენად ბუნდოვნად იყო დასმული, რომ აბიტურიენტების ნაწილს გაუჭირდა ზუსტი პასუხის დაწერა” – წერია პეტიციაში.

2021 წლის გამოცდებზე მათემატიკაში ზღვარი, პირველადი მონაცემებით, აბიტურიენტების 17-მა პროცენტმა ვერ გადალახა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტების პეტიციაზე გვითხრეს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტული შეფასებით 2021 წელს მათემატიკის ტესტის სირთულე არ შეცვლილა, რასაც მათივე თქმით, ადასტურებს სტატისტიკური ანალიზი, მათ შორის, წლევანდელ ჩაჭრილთა მაჩვენებელიც, რომელიც დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იყო შარშან.

„ტესტი არის დაბალანსებული. დასაწყისში არის მარტივი დავალებები და შემდეგ ისინი თანდათან რთულდება, რაც აუცილებელია ისეთი ტესტირების შემთხვევაში, რომლის დანიშნულებაც გამოსაცდელთა სელექციაა.

სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ, საბოლოო შედეგის გამოცხადების წინ, ცენტრი ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ პროცედურას: იმისთვის, რომ აბიტურიენტები თანაბარ პირობებში იყვნენ, ხდება საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტის გათანაბრება და ქულათა სკალირება.

სწორედ ეს პროცედურა ქმნის იმის პირობას, რომ სხვადასხვა სირთულის ტესტის შესრულებისას არც ერთი აბიტურიენტი არ დაიჩაგროს” – წერილობით გვიპასუხეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრიდან.

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 300-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა. მათემატიკა ჩასაბარებელ საგნად 12 900-მა სტუდენტმა აირჩია, მაქსიმალური ქულა მათემატიკაში 51 იყო, ზღვარი კი წინასწარი მონაცემებით 17-მა პროცენტმა ვერ გადალახა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს აპროტესტებენ. შარშან, 2020 წელს, აბიტურიენტებმა აქცია გამართეს ბათუმში და ქულების მომატება მოითხოვეს.

________________

ფოტო: ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: