ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა პირობით გადასცეს „რივიერა ბიჩს“ ბათუმში პლაჟი 17 წლით

01.04.2021
რა პირობით გადასცეს „რივიერა ბიჩს“ ბათუმში პლაჟი 17 წლით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „რივიერა ბიჩს“, რომელიც „სილქროუდის“ შვილობილია, იახტკლუბთან ახლოს პლაჟის ნაწილი 2037 წლამდე იჯარით გადასცა. პლაჟის მიმდებარედ „რივიერა ბიჩი“ კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს, რომელიც ასევე 2037 წლამდე იჯარით აქვს გადაცემული. ამ ნაკვეთზე კლუბი „ივერია ბიჩია“ განთავსებული. ჯამში ამ კომპანიაზე ზღვის პირას 5 093 კვ/მ ტერიტორიაა გადაცემული.

უშუალოდ პლაჟით სარგებლობისთვის სასტუმრო „რედისონის“ მფლობელი კომპანია ბიუჯეტში წელს 18 720 ლარს გადაიხდის, ხოლო 2021 წლის 12 ივლისიდან 2037 წლის 12 ივლისამდე – ყოველწლიურად 24 960 ლარს.

შესაბამისი ხელშეკრულება სამინისტროსა და კომპანიას შორის 2020 წლის ნოემბერშია გაფორმებული [2020 წლის ივლისამდე პლაჟის ეს მონაკვეთი [1560 კვ/მ] კომპანიას სამწლიანი იჯარით ადრეც ჰქონდა გადაცემული, წლიური ქირა 13 400 ლარი იყო].

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას უფლება აქვს, პლაჟზე:

  • „არსებული ნორმების დაცვით დაამონტაჟოს ყველა აუცილებელი ტექნიკური და სხვაგვარი მოწყობილობა, რაც მის საქმიანობასთან არის დაკავშირებული;
  • გასცეს ქვეიჯარით [მეიჯარის, ანუ სამინისტროს თანხმობით];
  • იჯარით გასცეს ასევე პლაჟზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები [სამომავლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში]“.

„რივიერა ბიჩზე“ იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთი და პლაჟი [მონიშნულია ყვითელი ფერით]

იჯარით აღებული პლაჟის მიმდებარედ, „რივიერა ბიჩი“ 3 533 კვ/მ ნაკვეთსაც სარგებლობს, სადაც კლუბი „ივერია ბიჩი“ მდებარეობს.

ამ ნაკვეთით სარგებლობისთვის კომპანიას ყოველწლიურად 72 660 ლარი უნდა გადაეხადა 2020 წლამდე. შემდეგ კი საიჯარო ქირა ცალკე ხელშეკრულებით უნდა განსაზღვრულიყო. თუმცა რეესტრის მიხედვით ასეთი ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის. ის „ბათუმელებისთვის“ არც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებია.

„რივიერა ბიჩი“ სილქროუდის შვილობილი კომპანიაა. რეესტრის ბოლო ამონაწერით, ამ კომპანიის 100% წილის მფლობელია შპს „ესარჯი რიალ ისთეით“, რომლის 95% წილს „სილქ როუდ გრუპი“ ფლობს, 5%-ს კი – „ამფიდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედ ჰოლდინგი“.

ორი დღის წინ, 30 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბულვარი დაუბრუნდება ბათუმის მუნიციპალიტეტს:

„ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ასევე ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უსწრაფესად მოახდინონ ბათუმის ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის  სამართავად გადაცემა“.

იმავე დღეს ბათუმის საკრებულო სასტუმრო „მერიდიანისთვის“ 3 380 კვადრატულ მეტრი პლაჟის გადაცემას აპირებდა, თუმცა მოქალაქეების პროტესტის გამო საკითხი სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს.

ბულვარი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მას აჭარის ეკონომიკის სამინისტრო მართავს. თუ ბულვარი სამართავად ბათუმს გადაეცემა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქს პლაჟი სრულად გადაეცემა. მაგალითად, ის ნაკვეთი და პლაჟი, რომელიც ამ შემთხვევაში „რივიერა ბიჩს“ აქვს იჯარით, ბულვარის ტერიტორია [კადასტრით] არ არის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

ე.წ. რივიერაზე ანუ იახტკლუბის მიმდებარედ აჭარის საკუთრებაში სხვა ნაკვეთებიცაა, აქედან უმეტესობა იჯარითაა გაცემული და თანხაც აჭარის ბიუჯეტში შედის და არა ქალაქის ბიუჯეტში:

ყვითელი ფერით აღნიშნულია ტერიტორია, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: