მთავარი,სიახლეები

“წინააღმდეგი ვართ დისტანციური სწავლების” – ბათუმში მშობლები ხელმოწერებს აგროვებენ

09.09.2020
“წინააღმდეგი ვართ დისტანციური სწავლების” – ბათუმში მშობლები ხელმოწერებს აგროვებენ

ბათუმში, ერას მოედანზე, დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს. ისინი ხელმოწერებს აგროვებენ განცხადებისთვის, რომლითაც საქართველოს განათლების მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და ითხოვენ, რომ ბათუმსა და ქობულეთში სკოლა დაიწყოს არა დისტანციურად, არამედ “ისე, როგორც დანარჩენ საქართველოში”, – საკლასო ოთახებში.

“წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი დისტანციური სწავლების, რადგან ამ ხერხით არანაირი სწავლება რეალურად არ ხდება… აღდგეს სწავლება სკოლებში, დაცული იქნეს სანიტარული ნორმები, დისტანცია… აიყვანონ დამატებითი დამლაგებლები ყველა სკოლაში”, – წერია დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობელთა განცხადებაში.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე თეონა კვერნაძე, რომლის უფროსი შვილი მესამე კლასშია, მეორე კი წელს მიდის პირველ კლასში, ამბობს, რომ მას უკვე აქვს ონლაინსწავლების გამოცდილება და მიაჩნია, რომ დაწყებით კლასებში სწავლების ეს ფორმა არ არის ეფექტური. “მოვითხოვთ, რომ ჩვენმა შვილებმა განათლება მიიღონ სკოლაში და არა ონლაინ, რადგან მაქვს უკვე გამოცდილება, როგორ მიმდინარეობს ონლაინსწავლება – განსაკუთრებით დაწყებით კლასებში და ეს ძალიან რთულია. მაღალ კლასებში ბავშვი შეიძლება დაჯდეს და მოუსმინოს მასწავლებელს, დაბალ კლასებში კატასტროფაა”, – ამბობს ის.

“თუ კორონავირუსი არ ვრცელდება საბავშვო სასრიალოებზე, პლაჟებზე, პარკებში, რესტორნებში, მხოლოდ სკოლაში რატომ დაემართება ჩემს შვილს? არ ვამბობთ, რომ არ არსებობს, გვინდა ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“, – ამბობს თეონა კვერნაძე. – “მთელი თბილისი აქ ისვენებდა, ახლახან წავიდნენ, კოვიდი ხომ ჩოლოქთან არ გადაუგდიათ და ისე არ დაბრუნებულან სახლებში. ჩვენთან თუ საშიშია, იქაც ხომ არის?”.

აქციაზე შეკრებილი მშობლები ამბობენ, რომ კლასებში უკვე დაშორებულია მერხები ერთმანეთს, შესაძლებელია დისტანციის დაცვა და ყოველ დილით ტემპერატურის შემოწმება ბავშვებისთვის.

კითხვაზე, თუ რამდენად უსაფრთხოდ მიაჩნიათ აქციის მონაწილე მშობლებს [ბათუმში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით] სწავლის დაწყება საკლასო ოთახებში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე სალომე გეგეშიძე პასუხობს: “იმდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს, რამდენადაც დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის და იმდენად უსაფრთხო, რამდენადაც 1-ელ ოქტომბერს რომ დაიწყება სწავლა ფიზიკურად – მაგ შემთვევაში. არაფერი შეღავათია სწავლის ონლაინ დაწყება, თუ პირველ ოქტომბერს მაინც უნდა მივიყვანო ბავშვი სხვა ბავშვებთან ერთად სკოლაში”, – ამბობს ის. – “ბათუმში ისვენებდნენ ბავშვები ყველა კუთხიდან, რამდენიმე დღეა, რაც შიდა ტურისტები წავიდნენ თავიანთ ქალაქებში, იქ სწავლა იწყება, ჩვენთან კი არა”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: