„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, პირველ სექტემბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ პირს.
ეს ბათუმში „დონასთან“ დაკავშირებული კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევაა. საკონდიტროს ერთ თანამშრომელს, კონსულტანტს რომ ვირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.
საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა „დონაში“, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს.
უფასო PCR ტესტირებისთვის ბათუმში ორ ადგილზეა კარავი განთავსებული. ერთი კარავი – ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, კოლონადების გვერდით, მეორე კი ახალ ბულვარში, რესტორან „აჭარული სახლის“ მიმდებარედაა. ტესტირება კარვებში 16:00 საათიდან ღამის 10 საათამდეა შესაძლებელი.
_____________
შეცდომის გასწორება: მასალაში თავდაპირველად აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა საკონდიტროს თანამშრომლის ქმარს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.






