განათლება,მთავარი,სიახლეები

გაკვეთილების ჩატარება სკოლის ეზოშიც შესაძლებელია – რეკომენდაციები

20.08.2020
გაკვეთილების ჩატარება სკოლის ეზოშიც შესაძლებელია – რეკომენდაციები

სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გაკვეთილების ორგანიზება/ჩატარება შესაძლებელია სკოლის ეზოში/ღია სივრცეში, ოღონდ შესაბამისი დისტანციის დაცვით.

რაც შეეხება გაკვეთილების კაბინეტებში ჩატარებას, სკოლებმა უნდა შეზღუდონ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში; თუმცა ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება.

ერთსა და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას კი, დაცული უნდა იყოს 30-წუთიანი შუალედი, უნდა განიავდეს საკლასო ოთახი, მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში შესვლისას საჭიროა ხელის ჰიგიენა.

ადმინისტრაციამ სკოლის მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს ნაკადის (რიგები სასადილოში, შესასვლელში, სველ წერტილთან, სპორტულ დარბაზებში, გასახდელებში, რესურსოთახში, მანდატურის ოთახში, ექიმის კაბინეტში და სხვ.) კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არა ნაკლებ 1 მეტრი);

რეკომენდაციების მიხედვით, სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები.

მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრავალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშავონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ.

სკოლამ თითოეულ მოსწავლეს უნდა მისცეს რეკომენდაცია სკოლაში ატაროს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლი [ამასთან, სკოლამ უნდა უზრუნველყოს დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის  ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან; „წყლის ბოთლი გარეცხეთ დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ“, – აღნიშნულია რეკომენდაციებში].

2020-2021 სასწავლო წელი, არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში შერეული მოდელის დანერგვისას დისტანციური სწავლებაც შესაძლებელი იქნება V-XII კლასებში, გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში კი, სავალდებულოა.

განათლების სამინისტრომ რეკომენდაციების გამოქვეყნებისას განაცხადა, რომ ის „აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის [15 სექტემბრიდან] არსებული ეპიდვითარებით“.

რეკომენდაციები სკოლებისთვის სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

მოსწავლეებს შორის დისტანცია 1 მეტრი იქნება – სწავლა 15 სექტემბერს განახლდება

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: