მთავარი,სიახლეები

COVID 19-ით ინფიცირებულებს „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის „რესპუბლიკურში“ მოათავსებენ

01.07.2020
COVID 19-ით ინფიცირებულებს „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის „რესპუბლიკურში“ მოათავსებენ

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ბათუმში კლინიკა „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმკურნალებენ.

კოვიდინფიცირებულ ორ პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსი ორი დღის წინ, 29 ივნისს დაუდგინეს, დღეს „მედალაფადან“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

კლინიკა „მედლაფას“ აჭარა-გურიის რეგიონული ხელმძღვანელი ლევან ანთაძე „ბათუმელებთან“  ადასტურებს, რომ „მედალფა“ ჩვეულ რეჟიმში აპირებს დაბრუნებას.

„ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ჩვენც ჩვეულ რეჟიმში გვინდოდა დაბრუნება. დაფინანსების თემებიც არის. ერთი თვე ჩვენ პაციენტი არ გვყოლია, სახელმწიფო აფინანსებდა და ბიუჯეტიდან მოჭრილ თანხას გვიხდიდა. ამ დაფინანსებით ვერ ვიმუშავებთ ჩვენ ფიზიკურად.  რესპუბლიკურში კი შესაძლებელია და ალბათ დააფინანსებენ ცალკეულ პაციენტებს – რამდენიც შევა, იმდენს დააფინანსებენ.

პაციენტებს უსაფრთხოდ გადაიყვანენ,“ – გვითხრა ლევან ანთაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, სოლომონ ფუტკარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საავადმყოფოში ყველაფერი მზადაა კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად.

„გვაქვს ორი ბოქსირებული პალატა, გვაქვს სხვადასხვა კაბინეტი პაციენტთა მართვისთვის, ასევე ცალკე შესასვლელიდან ვახორციელებთ მძღოლების კოვიდ შემოწმებას, ასევე დამოუკიდებელი შესასვლელიდან მოხდება პაციენტების გადაყვანა და რეფერალი, რომელიც ჩვენთან მოვა სხვა კლინიკიდან, თუ ჩვენი კლინიკიდან მოთავსდება პაციენტი სხვა განყოფილებაში. მეხუთე სართულზე, თერაპიის განყოფილებაა, სადაც იქნებიან პაციენტები. ეს განყოფილება აღჭურვილია ყველანაირი ინვენტარით, რაც უნდა იყოს პალატაში, ასევე  აღჭურვილია ბუფეტის ნაწილით, რაც საჭიროა, მაცივარი, სამზარეულო და ა.შ. ასევე იქნება მედპერსონალი. მზად ვართ,“ – ამბობს სოლომონ ფუტკარაძე.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში, მეხუთე სართულზე, ერთ ფლიგელში მოთავსდებიან. ერთ ფლიგელში 22 საწოლია. ჯამში რესპუბლიკურ საავადმყოფოს ერთდროულად 170 კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: