მთავარი,სიახლეები

რა შეზღუდვა დარჩება ძალაში საგანგებოს გაუქმების შემდეგ – იურისტის განმარტება

21.05.2020
რა შეზღუდვა დარჩება ძალაში საგანგებოს გაუქმების შემდეგ – იურისტის განმარტება

„საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს ავტომატურად ყველა შეზღუდვის გაუქმებას, ხვალ მთავრობა მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას და ამას უნდა დაველოდოთ,“ – ასე გიპასუხებენ ცხელ ხაზზე: 144, თუკი იკითხავთ: რომელი შეზღუდვა რჩება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმება ავტომატურად აუქმებს ამ დროს ამოქმედებულ ყველა შეზღუდვას, მთავრობის ცხელ ხაზზე დარწმუნებულნი არიან, რომ ხვალ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებენ და მთავრობას ახალი შეზღუდვების დაწესების, ან ძველის ძალაში დატოვების უფლება ისევ ექნება.

„თუკი პარლამენტი კანონში ცვლილებებს შეიტანს, ხვალ მთავრობა ან რომელიმე სამინისტრო გამოსცემს კანონქვემდებარე აქტს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება, ანალოგიური ან მსგავსი ტიპის შეზღუდვები დარჩეს ძალაში,“ – განმარტავს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, თორნიკე გერლიანი.

მესამე სექტორის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს, რისკებს შეიცავს და ანტიკონსტიტუციურია, რადგან იგი მთავრობას საპარლამენტო კონტროლის გარეშე ანიჭებს უფლებამოსილებას, კონკრეტული შეზღუდვები დააწესოს, მათ შორის, გადაადგილების და შეკრების თავისუფლების კუთხით, ან ისევ აამოქმედოს კომენდანტის საათი რომელიმე ქალაქში ან მთლიანად ქვეყანაში.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს? – იურისტის აზრით, ამ შემთხვევაში იმავე სამართლებრივ მოცემულობაში დავბრუნდებით, რაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ანუ 21 მარტამდე გვქონდა. მაშინ და ახლაც მთავრობას შეუძლია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონით იხელმძღვანელოს, რომელიც იზოლაციის და კარანტინის წესების რეგულაციას ითვალისწინებს, თუმცა იურისტის შეფასებით, ეს კანონი მკაფიოდ არ განსაზღვრავს – რას შეიძლება შეეხოს.

„ამ კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, შესაძლებელია იზოლაციის და კარანტინთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრა, თუმცა თუ კანონს წავიკითხავთ ერთობლიობაში, ეს არის უფრო ინდივიდუალიზებული და ლოკალიზებული, ანუ, შესაძლებელია, მაგალითად, კონკრეტულ პირს დაუწესო შეზღუდვები და არა მასობრივად. სავარაუდოდ, ნაკლები შანსია, ამ კანონით მასობრივი შეზღუდვები დაწესდეს. ზუსტი პასუხის თქმა რთულია ამ კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე. ზოგადი შეფასება არის ის, რომ საგანგებო მდგომარეობა როცა არაა გამოცხადებული, საპარლამენტო პროცედურებით უნდა მოხდეს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, მით უმეტეს, როცა ეს მასობრივ ხასიათს ატარებს,“ – მიიჩნევს იურისტი თორნიკე გერლიანი.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ანტიკრიზისული გეგმა“, როგორც ცნობილია, რამდენიმე ეტაპს და კვირას ითვალისწინებს, რაც ჯერ არ დასრულებულა, მაგალითად, ამ გეგმის მიხედვით, საცურაო აუზებს ან კაფეებს ჯერ კიდევ არ აქვთ მუშაობის განახლების უფლება. ასევე არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე მთავრობა ახალი სამართლებრივი აქტის მიღებას ვერ შეძლებს? – იურისტი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ამოსავალი უნდა იყოს საფუძველი, რის გამოც თავის დროზე კონკრეტულმა ობიექტებმა მუშაობა შეაჩერეს.

„მნიშვნელოვანია, კონკრეტული შეზღუდვა დაწესდა ზოგადი რეკომენდაციის საფუძველზე, თუ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლებით? ზოგიერთი შეზღუდვა ამოქმედდა კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში, შეზღუდვა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობის გასვლის შემდეგაც მანამდე, ვიდრე კონკრეტული სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად არ ჩაითვლება,“ – განმარტავს თორნიკე გერლიანი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: