მთავარი,სიახლეები

მერიამ 8 სართული დაამტკიცა, კომპანიამ 10 ააშენა – ბათუმში უკანონო მშენებლობები გრძელდება

30.04.2020
მერიამ 8 სართული დაამტკიცა, კომპანიამ 10 ააშენა – ბათუმში უკანონო მშენებლობები გრძელდება

შპს „ძმების სახლმა“ ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში, 10-სართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა თითქმის დაასრულა. არადა, ბათუმის მერიას კომპანიისთვის მხოლოდ 8-სართულის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა გაცემული.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში გვითხრეს, რომ კომპანიას პროექტში ცვლილება სართულების დამატებაზე მერიაში არ შეუთანხმებია.

ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთა  – შპს „ძმების სახლის“ პროექტი

უკანონოდ აშენებული სართულები ამ კომპანიის მხრიდან თვითნებობის პირველი შემთხვევა არ არის. კომპანია „ძმების სახლმა“ ამ სახლის პირველი სამი სართული საერთოდაც უნებართვოდ ააშენა.

ამას ემატება ისიც, რომ ადგილი, სადაც კომპანია აშენებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაშია. შესაბამის საბჭოს პროექტის შეთანხმებაზე კომპანიამ როცა მიმართა, ორი სართული უკვე აშენებული ჰქონდა, მიუხედავად ამისა, შეთანხმება მაინც შედგა [მხოლოდ რვა სართულზე].

უნებართვო მშენებლობისთვის შპს „ძმების სახლი“ გასულ წელს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ორჯერ დააჯარიმა. ჯერ უკანონო მშენებლობისთვის – 3000 ლარით, შემდეგ კი უკანონო მშენებლობის გაგრძელებისთვის – 1000 ლარით. საერთო ჯამში, კომპანიამ ორი უკანონო სართული 4000 ლარად დაიკანონა.

საბოლოოდ, სანამ მშენებლობის ნებართვას მიიღებდა, კომპანიამ მესამე სართულის დაშენებაც მოასწრო. ამ ყველაფრის შემდეგ  კომპანიას ნებართვაც მისცეს და K2 კოეფიციენტიც გაუზარდეს 8 სართულამდე. „ძმების სახლმა“ ეს შეთანხმებაც დაარღვია და 8-ის ნაცვლად 10 სართული ააშენა.

შპს „ძმების სახლი“ ცოტა ხნის წინ მერიის ერთგვარ დონორადაც იქცა, როგორც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების დროს „კომპანიის თანადგომით მერია ხუთ ოჯახს სასურსათო პროდუქტით დაეხმარა“.

დამრღვევ მშენებელს ნებართვა მისცეს და კ2-იც გაუზარდეს – ყველაფერი 4000 ლარად მოგვარდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: