მთავარი,სიახლეები

6 ოჯახი და 1 სველი წერტილი – სახლი ბათუმის ცენტრში, სადაც 5 მცირეწლოვანი ცხოვრობს

06.11.2019
6 ოჯახი და 1 სველი წერტილი – სახლი ბათუმის ცენტრში, სადაც 5 მცირეწლოვანი ცხოვრობს

ექვსი წლის დათა ბათუმის ცენტრში, ზუბალაშვილის #28-ში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ცუდი ამინდის დროს დათას სახლში წვიმს, კარგ ამინდში კი სველი ავეჯი და ნივთები შრობას იწყებს და ისედაც დანესტილ, დაძველებულ კედლებში ამ დროს ნესტის სუნი გაუსაძლისი ხდება.

უჭირთ ფანჯრის გაღებაც, რადგან დაძველებული და მორყეულია. დაძველებულია იატაკიც, რამდენიმე ადგილზე ამომტვრეულია.

ლია გოგიბერიძე

 

დათას ბებია, ლია გოგიბერიძე, დახმარების მისაღებად სოციალური სააგენტოს შესაბამის ბაზაშიც დარეგისტრირდა, თუმცა უშედეგოდ. უარი უთხრეს. ეჭვობს, რომ ხელი სარეცხი მანქანამ შეუშალა: „სარეცხი მანქანა გაქვსო და დახმარება არ მომცეს.“

ამის შემდეგ მან დახმარების სათხოვნელად მერიასაც მიმართა, სახურავისა და იატაკის შეკეთება სთხოვა, თუმცა ამჯერადაც უარი მიიღო. ოფიციალური წერილით მას მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა უპასუხა. ამ წერილში მას განუმარტეს, რომ სამმართველოს პროგრამით, სველი წერტილის მოწყობა, ჭერისა და იატაკის რეაბილიტაცია გათვალისწინებული არ არის. წერილს ხელს სამმართველოს დირექტორი სულხან ევგენიძე აწერს.

დათა და ბებია მარტო ცხოვრობენ, მათი სახლი ორი ოთახისა და შესასვლელი პატარა აივნისგან შედგება, სამზარეულოც მცირე ზომისაა. საძინებელი კი, რომელიც მისაღების ფუნქციასაც ითავსებს, საერთოდ უფანჯროა. დათას მშობლები დაშორდნენ, დედამ სამსახური ბათუმში ვერ იშოვა და სვანეთში გადავიდა: „იქ გამოჩნდა სამსახური და დავთანხმდით, რა გვექნა“, – ყვება ლია გოგიბერიძე. მისივე თქმით, დათას მამა შვილის მიმართ ყურადღებას არ იჩენს და მას არც მატერიალურად ეხმარება.

ლია დახმარებას ისევ მერიისგან ითხოვს.

ექვსი წლის დათას ბებია ლაშა კომახიძეს – „თუნდაც მეორადი ფანჯრებით დამეხმარეთ“

დათას ბებია პენსიონერია. მისი თქმით, ათეული წლების განმავლობაში ბავშვთა საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა, ახლა პენსიონერია და შვილიშვილს უვლის.

სახლის პირველ სართულზე 90 წლის მარტოხელა ქალი გუგული ბაღათურია ცხოვრობს. მასთან პერიოდულად ძმისშვილები მოდიან და საჭმელს უმზადებენ. კედლები მის ოთახშიც სველია, ამორტიზებული ადგილები ხალიჩებით აქვს დაფარული.

გუგული ბაღათურიას გვერდით კი ასეთივე ოთახში, ასეთივე სველ კედლებში ოთხი არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: