კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ზონალურმა საბჭომ ვაჟა-ფშაველას 13-ში შვიდსართულიანი სახლის პირველი ეტაპი შეითანხმა

03.09.2019
ზონალურმა საბჭომ ვაჟა-ფშაველას 13-ში შვიდსართულიანი სახლის პირველი ეტაპი შეითანხმა

„შევხვდებით მეორე ეტაპზე“ – ასე დაემშვიდობენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ შპს „ბათ ინვესტის“ დირექტორს სოფო ნებიერიძეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება შედგა. „ბათ ინვესტი“ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 -ში, სადაც ძეგლი უნებართვოდ დაანგრიეს, შვიდსართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ პროექტი ამჯერად მოიწონა. სხდომას საბჭოს ექვსი წევრი ესწრებოდა [სხდომას მხოლოდ ზვიად ბურჭულაძე არ ესწრებოდა], ამ ექვსიდან ოთხმა დადებითი პოზიცია სხდომაზე ხმამაღლა დააფიქსირა.

„წარმოდგენილი ესკიზებიდან ეს ყველაზე მეტად მისაღებია ჩემთვის, ყვითელი ფერი და კიდევ რამდენიმე დეტალი არ მომწონს, თუ დახვეწავთ, კარგი იქნება,“ – განაცხადა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ნუგზარ ძნელაძემ, საკითხის განხილვისას, რაზეც კომპანიის დირექტორისგან მიიღო პირობა, რომ პროექტის მეორე ეტაპის შეთანხმებისთვის ამ შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

პროექტი მოიწონეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა დავით ზოიძემ და სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ოლეგ ბოლქვაძემაც. დადებითი პოზიცია ჰქონდა ასევე მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელს მირიან მეტრეველს.

უჭერენ მხარს თუ არა პროექტის პირველი ეტაპის შეთანხმებას მხარს – თავიანთი პოზიცია სხდომაზე მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს და კიდევ ერთ წევრს, გიზო ფარცხალაძეს არ დაუფიქსირებიათ, თუმცა მათ არც ის უთქვამთ, რომ დადებით გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

ვაჟა-ფშაველას #13 , პროექტის რენდერი

შპს „ბათ ინვესტი“, იგივე შპს „სლავა 2015“-ია  [კომპანიამ მხოლოდ სახელი და დირექტორი შეიცვალა]. კომპანიას ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ.  დავა მას შემდეგ შეწყდა, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ მიწის ნაკვეთს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს, სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს, პროექტს განიხილავს და ითანხმებს სააგენტოს ზონალური საბჭო, საბოლოოდ, მშენებლობის ნებართვას კი ბათუმის მერია გასცემს.

შპს „ ბათ ინვესტის“ სამშენებლო პროექტის რამდენიმე ვარიანტი ზონალურმა საბჭომ დაიწუნა, ამჯერად კი, ფოტოზე წარმოდგენილ ვიზუალზე, პარამეტრებსა და მის დახვეწაზე შეჯერდნენ.

ამავე თემაზე:

ვაჟა-ფშაველას #13 – აქ დანგრეული ძეგლის ნაცვლად კორპუსის აშენებას აპირებენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: