მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს

02.09.2019
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის თანამდებობას არ ტოვებს და თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ასევე რეგიონის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.  ის ასევე ამბობს, რომ აპირებს გააქტიუროს მუშაობა მომავალ წელს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მოსაგებად და „ნაციონალური მოძრაობის დასამარცხებლად.“

„მე ვაგრძელებ იმ ტვირთის და პასუხისმგებლობის ტარებას, რომელიც მე მაქვს აჭარის, აჭარის მოსახლეობის, თითოეული მცხოვრების მიმართ და რა თქმა უნდა,  ჩვენ შევინარჩუნებთ იმ დინამიკას, რომელიც გვაქვს.  აქტიურად გავაგრძელებთ როგორც ინვესტიციების, ასევე დასაქმების ხელშეწყობას. განსაკუთრებულ ამოცანად მიმაჩნია და ჩემი მისიაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ პარტიის რეგიონული ორგანიზაცია, რომლის დავალებაც ჩვენ გვაქვს პარტიის თავმჯდომარისგან.  ასევე, აქტიურად ვემზადებით  მომდევნო წლის არჩევნებისთვის და დამაჯერებელი გამარჯვებისთვის,“ – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

ის იმედოვნებს, რომ უკვე ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მუშაობის შედეგი „დროის პერსპექტივაში“ კიდევ უფრო დაფასდება.

„მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ვფიქრობ, რომ ის ღირსეულად ემსახურა პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენს ქვეყანას. ჩემთვის იყო ძალიან დიდი პატივი, რომ მემსახურა მასთან ერთად  და ის რეფორმები, რომლებიც გატარდა ეკონომიკის მიმართულებით, განსაკუთრებით კი, განათლების ეროვნული იდეის რეალიზების თვალსაზრისით, დროის პერსპექტივაში კიდევ უფრო კარგად დაფასდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის შესაძლო გადადგომის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. მამუკა ბახტაძე დღეს, 2 სექტემბერს, გადადგა.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს წინა პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ გადადგა. მანამდე კი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ გადადგა აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“ კვოტით.

თორნიკე რიჟვაძე განიხილებოდა როგორც ყოფილი პრემიერის – მამუკა ბახტაძის კადრი.

თორნიკე რიჟვაძე ერთ წელზე მეტია, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მუშაობს. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლის 21 ივლისს დანიშნეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: