მთავარი,სიახლეები

NAEC: 648 აბიტურიენტს ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა

23.08.2019
NAEC: 648 აბიტურიენტს ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა

დღეს, 23 აგვისტოს, ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წელს შევიდა 3000-მდე სააპელაციო განაცხადი, სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს.

აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge-სა და www.naec.ge-ზე შეუძლიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული ქულებიც.

ცენტრის ცნობით, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ნახვა აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შეუძლიათ.

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.

აბიტურიენტმა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოს, რომ:

[checklist]

  • იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საკონკურსო ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული სიის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ.
  • იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

[/checklist]

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია აგვისტოს ბოლოს ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

________

ფოტოზე: ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: