მთავარი,სიახლეები

საკრებულომ რივიერას გეგმა დაამტკიცა – ბათუმის საკრებულოს დარბაზის შესასვლელში პოლიცია დგას

22.08.2019
საკრებულომ რივიერას გეგმა დაამტკიცა – ბათუმის საკრებულოს დარბაზის შესასვლელში პოლიცია დგას

ამ წუთებში [12:00]  ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელში პოლიცია დგას. სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აღშფოთებული მოქალაქე იძულების ფორმით გამოიყვანა.

„იცოდეთ, რაზე აწერთ ხელს. ყველა მოკვდებით“, „ასლან აბაშიძის უზენაესი საბჭოა ეს“, „კომკავშირული სხდომა დამთავრებულია“, „გვერდში დაგვიდექით“, „პარტიული მონობა“,  – ამ და სხვა სიტყვებით მოქალაქეები საკრებულოს წევრებს მიმართავდნენ. ბათუმის საკრებულომ დღეს  დაამტკიცა შპს ,,რივიერა ბათუმის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა.

„ბათუმს სხვა პოზიცია აქვს, საკრებულოს – სხვა, საკრებულო ბათუმის ოპოზიციაშია. ისინი მხოლოდ ვერტიკალს ემორჩილებიან. დაამტკიცეს, რომ მონები არიან“, – მოქალაქეების პროტესტი გრძელდება.

მოქალაქეების პროტესტის აღსაკვეთად პოლიციის დარბაზში შემოსვლა საკრებულოს წევრმა საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ მოითხოვა.

ბათუმის მერიის შენობაში აღშფოთებული მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტს რადიკალური ფორმებით გააგრძელებენ და რივიერაზე მშენებლობას ხელს შეუშლიან.

____

პროექტს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მოქალაქეები, რომლებიც კონცხზე მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან მართული.

1999 წელს კანიონთან, სადაც 5 კოშკის აშენება იგეგმება, დაახლოებით 200 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანის პლაჟი მოწყდა და ზღვაში ჩავარდა. არც მანამდე და არც მას შემდეგ კანიონთან არსებული ვითარება არავის შეუსწავლია. მოქალაქეები შიშობენ, რომ კონცხზე „ბათუმი რივიერას“ მიერ დაგეგმილი პროექტი კანიონთან რისკებს კიდევ უფრო გაზრდის.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.