მთავარი,სიახლეები

ვეღარ დააპატიმრებენ პირს, ვინც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს – ბექა წიქარიშვილის მოსაზრება

03.08.2019
ვეღარ დააპატიმრებენ პირს, ვინც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს – ბექა წიქარიშვილის მოსაზრება

„ეს გამოიწვევს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. ამით ვერ მივაღწევთ მიზანს,“ – მიიჩნევს სამოქალაქო აქტივისტი ბექა წიქარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ, 2 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის, ან ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება იმ ნარკომომხმარებლების მიმართ, რომლებიც იყენებენ ნარკოტიკს, მაგრამ იგი „სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს.“

„დაყოფა კატეგორიებად არ არის მხოლოდ ჩვენი ფენომენი, ეს არსებობს ბევრგან, მაგრამ ეს დაყოფა ემსახურება არა სასჯელის შეფარდებას, არამედ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. თუკი ნივთიერება  შეიცავს დამოკიდებულების მაღალ ხარისხს, მგონია, რომ ამ დროს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომ მას ებრძოლო არა აგრესიული მეთოდით, არამედ ჯანდაცვის მეთოდით. მაგალითად, მე თუ ჰეროინის მოხმარებისთვის ვარ მსჯავრდებული, სახელმწიფო შემომთავაზებს სრულიად სხვა სერვისებს, ვიდრე იმას, ვინც მარიხუანას მოიხმარს. მე კატეგორიუალდ არ ვეთანხმები, რომ მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელი უნდა ისჯებოდეს – ადამიანს, რომელსაც აქვს ფიზიოლოგიური პრობლემები უფრო მძაფრად, სჭირდება მეტი ზრუნვა და მხარდაჭერის პოლიტიკა,“ – ამბობს ბექა წიქარიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტის აზრით, ე.წ. მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს „წინმსწრებად“. ბექა წიქარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებაში ხედავს მოსამართლეების დამოკიდებულებას, რომ მაგალითად, ვინც ჰეროინს მოიხმარს, მას აგრესიული ქცევა ექნება და ახალ დანაშაულსაც ჩაიდენს. ბექა მიიჩნევს, რომ ეს დისკრიმინაციულ მიდგომას გამოიწვევს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში შედარებით რბილი ნარკოპოლიტიკა გვაქვს. რეპრესიების შერბილება არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. ამ კუთხით არ მუშაობს სახელმწიფო. ნარკოპოლიტიკაზე პარლამენტი არის უმოქმედო. ჩვენ ველოდით მათგან მკაფიო ნაბიჯებს, რაც მათი პირობა იყო, მაგრამ არათუ მკაფიო ნაბიჯები ვიხილეთ, არამედ გაჩერებულია კანონპროექტი, რომელიც ძალიან გააზრებულად და სათანადოდ პასუხობს გამოწვევებს ამ მიმართულებით… ვნახოთ, როგორ წაიკითხავენ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პარლამენტში“, – გვითხრა ბექა წიქარიშვილმა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: