მთავარი,სიახლეები

„დღემდე მაქვს იმედი, რომ ჰოგვორთსიდან წერილს მივიღებ“ – ჰარი პოტერის დაბადების დღე

31.07.2019
„დღემდე მაქვს იმედი, რომ ჰოგვორთსიდან წერილს მივიღებ“ – ჰარი პოტერის დაბადების დღე

ავტორი: მარიამ მუთიძე 

დღეს, 31 ივლისს ჯოან როულინგის დაბადების დღეა, ავტორის, რომელმაც მილიონობით მკითხველს გაუღო მაგიის სამყაროს კარები. მისი მთავარი გმირის, ჰარი პოტერის დაბადების დღეც 31 ივლისსაა და ამიტომაც, ეს დღე ორმაგი მნიშვნელობისაა „პოტერჰედებისთვის“.

„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 1997 წელს დაიბეჭდა, 20 წლის თავზე კი ლონდონში, ბრიტანეთის ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა მასშტაბურ გამოფენას –  „მაგიის ისტორია“, რომელიც ჰარი პოტერის სამყაროს მიეძღვნა და ეს იყო პირველი გამოფენა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალ ავტორს ეხებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო არტეფაქტები, ძველი ხელნაწერები და ილუსტრაციები, რომელიც გახდა როულინგისთვის ინსპირაცია შეექმნა უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ჯადოსნური გარემო.

ჰარი პოტერის დაბადების დღის ტორტი ფილმიდან „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“

დღეისთვის ჰარი პოტერის შესახებ დაწერილი წიგნების 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

ქართულად პირველი წიგნი 2001 წელს ითარგმნა. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მონაცემების მიხედვით, ჯამში, ქართულ ენაზე გამოცემული პოტერიადის ყველა წიგნის [მათ შორის გასაფერადებლების] 200 000 მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ასე რომ „პოტერჰედები“ ჩვენთანაც მრავლად არიან.

რაფო მესხიძე

რაფო მესხიძე: „12 წლის ვიყავი როცა წავიკითხე „ჰარი პოტერი“, ამიტომ ძალიან განვიცდიდი, რომ 11 წლის ასაკში წერილი არ მქონდა მიღებული ჰოგვორთსიდან, თუმცა გულის სიღრმეში დღემდე მაქვს ამის იმედი და მოლოდინი. დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციას რაც შეეხება, მე და ჩემი და ყოველ 31 ივლისს ერთმანეთს ვჩუქნით „ჰარი პოტერთან“ დაკავშირებულ ნივთებს – თავიდან ეს ნივთები წიგნები იყო, შემდეგ პოსტერები, წინდები, ჯოხები და ა.შ.“

ანი ყიასაშვილი

ანი ყიასაშვილი: „ყველაზე მეტად სულ პირველადაც, მერე წლების განმავლობაშიც, ის სამყარო მხიბლავდა, რომელიც ამ წიგნებშია შექმნილი, ჯადოსნური და უკიდეგანო. კიდევ ის, რომ თითქოს წიგნებიც ჩვენთან და პორსონაჟებთან ერთად იზრდებოდნენ და სერიოზულდებოდნენ. ვერ გამოვყოფ რაიმე კონკრეტულს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს პოტერიადაში, ბევრი რამის ერთობლიობაა – პერსონაჟების ჩვენ თვალწინ ზრდა პიროვნულად, სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა. ახლა უკვე გაზრდილი ვაცნობიერებ, რომ პოტერის სერიამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე და ცხოვრების სრულიად განუყოფელ ნაწილად იქცა.“

თემო რეხვიაშვილი

თემო რეხვიაშვილი: „ჰარი პოტერი რომ წავიკითხე, 9 წლის ვიყავი. 10 წლის რომ ვხდებოდი, იმ დაბადების დღეს ცაში ვიყურებოდი ჩუმ-ჩუმად, ბუ ხო არ მოდის-მეთქი, თან ვიცოდი, რომ ასე არ მოხდებოდა. მეგობრობაზე დაწერილი წიგნებიდან „ვეფხისტყაოსნის“ მერე ეს ყველას მირჩევნია.

ალოჰომორა, მგონია, რომ ჩემთვის გამოგონილი შელოცვა იყო. ბავშვობაში სოლოლაკის ჯურღმულებში მიყვარდა ხეტიალი, მერე თან ალოჰომორას ვიძახდი და ისე შევდიოდი მიტოვებულ სარდაფებში.

ახლა როცა გავიზარდე, ცუდად როცა ვარ, კარგ მოგონებებზე არ ვფიქრობ, მაგრამ სულ იმ მეგობრების ნახვა მინდა, კარგი ამბები რომ გვაკავშირებს და ის ფრაზა მომწონს – ზოგჯერ რომ ადამიანთან დამეგობრებას გვერდს ვერ აუვლი, მითუმეტეს მაშინ, როცა უზარმაზარი ტროლი გყავთ ერთად დამარცხებული.“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: