სიახლეები

2 000 ლარი გირაო ოთხი თევზის დაჭერისთვის

15.10.2015
2 000 ლარი გირაო ოთხი თევზის დაჭერისთვის

ხელვაჩურის რაიონული სასამართლო

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. შ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა იმაში, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს ის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოს მონაკვეთში, გამავალ მდინარე ჭოროხის კალაპოტში, ეგრეთ წოდებული „ეკრან ბადით“ თევზაობდა. მან დაიჭირა ოთხი ერთეული კავკასიური ქაშაყის სახეობის თევზი, რომლის წონამაც შეადგინა 2.300 კგ. ხოლო სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა – 47.15 ლარი. უკანონო თევზჭერის ფაქტი აჭარის გარემოსდაცვითი და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც რეაგირებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსს მამუკა კბილცეცხლაშვილს წერილობით მიმართეს და რეაგირება სთხოვეს. პოლიციამ ბრალდებული დააკავა და ძიება დაიწყო.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა თქვა, რომ ბრალდებული მოიქცა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამიტომაც მისგან გირაოს – 2 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა, ერთი თვის ვადაში. ბრალდებულმა მოსამართლეს ვადის გაზრდა სთხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხისთვის 50 დღე მიეცა, თუმცა ამ თანხის გადახდას რ. შ. მაინც ვერ ახერხებს, რადგან ის არ მუშაობს, ხოლო სახლი, რომლის დაგირავებაც სცადა და რომელშიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მეზობელმა ან ნათესავმა თავისი უძრავი ქონება იპოთეკით არ დატვირთა, რათა რ. შ. – ს ფული ასესხოს, რომელსაც ის სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანს, ბრალდებულს დააპატიმრებენ.
დაკითხვის ოქმში ბრალდებული წერს, რომ თევზის დაჭერა მას ბავშვმა სთხოვა და მან არ იცოდა, იმ ადგილას თევზაობა აკრძალული რომ იყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის პაატა დიასამიძის განმარტებით, “უფლებამოსილების განხორციელებისას პროკურორი ხელმძღვანელობს კანონითა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით. ამას გარდა გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს პროკურორის შინაგან რწმენასა და კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. თუ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მსვლელობისას შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: 1. დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა; 2. უარი თქვას დევნის დაწყებაზე და გამოიყენოს სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი; 3. უარი თქვას დევნის დაწყებაზე ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების გარეშე.“

პაატა დიასამიძეს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებიდან გამომდინარე, რ. შ.-ს მიმართ, რომელმაც ბავშვისთვის დაიჭირა ოთხი თევზი, სისხლის სამართლის დევნის დაწყება მიზანშეუწონელი იყო. საიას იურისტის შეფასებით, მოსამართლეს ასევე ჰქონდა უფლება, ბრალდებულისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობის გადახდა დაეკისრებინა.

ბრალდებული აქამდე სამართალთან კონფლიქტში არ ყოფილა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.