მთავარი,სიახლეები

გვარამია: კონტრაქტის დარღვევის გამო ავიღებ 5 მილიონ დოლარს

18.07.2019
გვარამია: კონტრაქტის დარღვევის გამო ავიღებ 5 მილიონ დოლარს

„რუსთავი 2“-ის დირექტორად ნიკა გვარამიას ნაცვლად უკვე დანიშნეს პაატა სალია, არხის ახალი დირექტორი დღეიდან, 18 ივლისიდან სწორედ ის იქნება. ახლახან [18:52] სალიამ განაცხადა, რომ დღესვე აპირებს არხზე მისვლას, მიუხედავად თანამშრომლების პროტესტისა. პაატა სალია ადვოკატია. ქიბარ ხალვაშს – არხის დღევანდელ მფლობელს, მიმდინარე დავის დროს სწორედ ის უწევდა სამართლებრივ მომსახურებას.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის აუცილებლად წამოიწყებს სამსახურიდან დათხოვნის გამო ახალ სასამართლო პროცესს და ამ დავის შედეგად მოიგებს 5 მილიონ დოლარს, რადგან მასთან გაფორმებულ კონტრაქტში სწორედ თანხის ეს ოდენობაა გაწერილი.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ თანხით ახალ ტელევიზიას გააკეთებს, “მაგრამ ესეც იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის, ან წელიწად-ნახევრის შემდეგ… მოვიგებთ 5 მლნს ოდესღაც და ჩავდებ ახალ ტელევიზიაში, მაგრამ ჯერ ეს სიტუაციის შემცვლელი ვერ იქნება ჩვენთან“.

_____

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემის გადაწყვეტილება. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არასწორად ინტერპრეტირებს თუ ამას მაინც გააკეთებს, ეს კონსტიტუციის დარღევად და თანამდებობრივ დანაშაულად ჩაითვლება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008