მთავარი,სიახლეები

ქალმა თავის მოკვლამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას – შსს მის ოჯახს 25 ათას ლარს გადაუხდის

20.05.2019
ქალმა თავის მოკვლამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას – შსს მის ოჯახს 25 ათას ლარს გადაუხდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 ათასი ლარის გადახდა მოუწევს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად იმ ქალის საქმეზე, რომელმაც ქმრისგან მრავალჯერ ძალადობის და პოლიციელების უმოქმედობის შემდეგ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე ქალმა 16-ჯერ მიმართა პოლიციას. ოჯახში მისულმა პოლიციელებმა ორჯერ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, ერთხელ – გამოძიება დაიწყეს, თუმცა ვერაფერი დაადგინეს და ძიება შეწყვიტეს. სასამართლოს გარდაცვლილი ქალის დედამ მიმართა შსს-ს და პროკურატურის წინააღმდეგ და ეს მას შემდეგ გააკეთა, როცა ქალის გარდაცვალების შემდეგ მოძალადე კაცი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაასამართლეს.

„სასამართლოს დასაბუთება ჯერ ჩვენთვის უცნობია, მაგრამ სარეზოლუციო უკვე გამოცხადდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. ჩვენთვის უცნობია, რატომ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ჩვენი სარჩელის მოთხოვნა პროკურატურასთან მიმართებით. პროკურატურა ახორციელებს ზედამხედველობას გამოძიების პროცესზე,“ – გვიყვება მიშა ჯახუა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის სასამართლოში ძალადობის მსხვერპლი ქალის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს შემაკავებელ ორდერებზე, რომლებიც პოლიციას ქალზე ძალადობის კუთხით გამოძიების დაწყებამდე ჰქონდა გამოცემული. მიშა ჯახუა მიიჩნევს, რომ გამოძიებას სისტემურად უნდა დაენახა ძალადობის შემთხვევები და მხოლოდ ერთი ფაქტის შეფასებით არ უნდა შემოფარგლულიყო.

„ძიების შეწყვეტის ოფიციალური მიზეზი იყო ის, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდა ის, რომ მსხვერპლს ფიზიკური ძალადობის შედეგად არ განუცდია ტკივილიო. ძალადობის მუხლი ითვალისწინებს ტანჯვის განცდასაც, რაც გამოიხატება სისტემატურ ძალადობაში. ამ შემთხვევაში მხოლოდ გარეგნული, ფიზიკური დაზიანებები არ არის მთავარი. საქმეში არ არის ასეთი სახის ფსიქოლოგის დასკვნა, რაც აღწერდა მსხვერპლის განცდებს…“ – გვიყვება მიშა ჯახუა.

მსხვერპლი ქალი რამდენიმე წელი ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელიც პერიოდულად ძალადობდა მასზე. თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ქალმა ამ პერიოდის შემდეგაც მიმართა პოლიციას.

„სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით თქვა ის, რომ კონკრეტული ფაქტები არ იყოს შეფასებული მოწყვეტილად და შეფასდეს სისტემურად. შესაძლოა, ძალადობის კონკრეტული ფაქტი არ იყოს მაღალი ხარისხის ფიზიკური დაზიანებებით, მაგრამ ერთობლიობაში უნდა შეფასდეს რეაგირების მიღების დროს,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მიშა ჯახუა.

რას გააკეთებენ პოლიციელები ამჯერად, როცა მათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი დაურეკავს და შველას ითხოვს, რას შეცვლის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება? – მიშა ჯახუას თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად აისახება პრაქტიკაზე.

„თუმცა ამ კუთხით ნაწილობრივ პრაქტიკა უკვე შეცვალა შსს-მ, პოლიციელები უკვე სხვაგვარად, სპეციალური მეთოდოლოგიით აფასებენ სიტუაციას,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა მიშა ჯახუამ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: