მთავარი,სიახლეები

ბიზნესმენი აჭარის მთავრობის ზეწოლაზე და თორნიკე რიჟვაძის პასუხი 

11.04.2019
ბიზნესმენი აჭარის მთავრობის ზეწოლაზე და თორნიკე რიჟვაძის პასუხი 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, „დექსთერ დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორის, ლევან კანთელაძის წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დღეს, 11 აპრილს ჰკითხეს. კანთელაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა მის ბიზნესს ავიწროებს.

„ბრალდება არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, უსუსური და მე არ ვთვლი, რომ ამაში ჩემი დრო უნდა იკარგებოდეს. ამ ქვეყანაში არსებობს სასამართლო, არსებობს ბიზნესომბუდსმენი. ყველამ კეთილი ინებოს და ამ ინსტიტუტების გამოყენებით მიაღწიოს თავის სიმართლეს. მაგრამ ღია წერილებით, ბრიფინგებით, ვერავინ ვერ მიიღებს პრივილეგიას ჩემი მმართველობის დროს,“ – განაცხადა კანთელაძის პასუხად თორნიკე რიჟვაძემ.

სამშენებლო კომპანია „დექსტერ დეველოპმენტის“ ხელმძღვანელმა, ლევან კანთელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა. კანთელაძე წერდა, რომ მის კომპანიას სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში პრობლემები შეექმნა. ბიზნესმენი პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ ვერ იწყებს მშენებლობას, შესაბამისად, ვერ ასრულებს  ვალდებულებებს, რადგან ე.წ. ბარაკული სისტემის დემონტაჟის თაობაზე ნებართვის გაცემა ჭიანურდება. ეს კი პირდაპირ აისახება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

კანთელაძის წერილი საპასუხოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აჭარის მთავრობას გადმოუგზავნა.

„მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ წერილში დასმული საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და აღნიშნულის თაობაზე პასუხი წარმოადგინოთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,“ –  წერია წერილში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი აწერს.

მოკლედ კომპანია „დექსტერ დეველოპმენტის“ საქმეზე

შპს „დექსთერ დეველოპმენტი“ 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ბათუმში, ნინოშვილის #25-ში გეგმავდა. იმის გამო, რომ აღნიშნული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, მაღალი შენობის ასაშენებლად საჭირო იყო სპეციალური ნებართვა ე.წ. K2-ის გაზრდა.

კომპანია 2015 წლის თებერვალში დაფუძნდა. 2015 წლის მარტში აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, „დექსთერ დეველოპმენტს“ K2-ის გაზრდაზე ბათუმის მაშინდელ მერთან, გიორგი ერმაკოვთან  უშუამდგომლა.

პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც. კანთელაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია დღეს პროექტის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევენ.

კომპანიას ბულვართან 18-სართულიანი კორპუსის აშენება სურს – მერია ამის უფლებას არ აძლევს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: