მთავარი,სიახლეები

ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტს დადგამენ

09.04.2019
ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტს დადგამენ

„კვირკველიების საგვარეულო კავშირს“ ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება ჯერ კიდევ ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისთვის უთხოვია. წერილობით მიუმართავთ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძისთვისაც, რომელიც ამ მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზეა.

მერთან შუამდგომლობა სთხოვეს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. განათლების კომისიის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში კვირკველიების საგვარეულო კავშირი წერს, რომ ბათუმის გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით, ექვსი ძირი მაგნოლიის ხე შეიძინეს და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე დარგეს. ახლა კი, ზუსტად ამ ადგილზე, ბიუსტის განთავსებას ითხოვენ: „გვსურს, ამავე მაგნოლიებთან დაიდგას მისი ბიუსტი“.

ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსებას გასულ წელს, პოეტის დაბადებიდან 120 წლისთავის აღსანიშნავად ითხოვდნენ.

საკითხის განხილვა ბათუმის საკრებულოს მომავალ სხდომაზე, 12 აპრილს არის დაგეგმილი. პოეტის 120 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნეს.

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბიუსტი უნივერსიტეტის მიმდებარედ, ცენტრალურ პარკში უნდა განათავსონ. ბიუსტის განსათავსებლად ხარჯებს მერია არ გაიღებს, ესკიზი და ბიუსტის მომზადებაც კვირკველიების საგვარეულო კავშირმა დააფინანსა.

 

ტერენტი გრანელი დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს ღარიბი გლეხის, სამსონ კვირკველიას ოჯახში. 1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნი: „პანაშვიდები“ [რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი] და „სამგლოვიარო ხაზები“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: