მთავარი,სიახლეები

მწვანე კონცხზე კომპანია 27-სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს

25.09.2018
მწვანე კონცხზე კომპანია 27-სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს

„ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ მწვანე კონცხზე, სარეკრეაციო ზონაში, ოცდაშვიდსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. პროექტის მიხედვით შენობა ორი მაღლივი კარკასისგან შედგება, რომელთაც ერთი დაბალი სივრცე აერთიანებს.

კომპანიამ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა მოამზადა და ბათუმის მერიას წარუდგინა. მერიას დოკუმენტი საკრებულოში დასამტკიცებლად აქვს წარდგენილი, საკითხზე საკრებულომ პარასკევს, 28 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომაზე უნდა იმსჯელოს.

კომპანია ასევე ითხოვს საკუთრებაში არსებული ნაკვეთისთვის სარეკრეაციოს ნაცვლად საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებას იმისათვის, რომ იქ ისეთი ფუნქციებისა და პარამეტრების შენობის აშენება გახდეს დასაშვები, როგორსაც „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“ გეგმავს.

პროექტის ავტორების ინფორმაციით, შენობის ძირითად ნაწილს სასტუმრო დაიკავებს, იქნება აპარტოტელიც, საოფისე ფართობი, კაფე, რესტორანი, საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები, სპა და ფიტნეს დარბაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

პროექტის რენდერი

პროექტის პარამეტრები

დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ კომპანიას, როგორც განაშენიანების რეგულირების გეგმა, ასევე შენობის პროექტი შპს „ქალაქ პროექტმა“ მოუმზადა, რომლის დირექტორიც მანუჩარ მახათაძეა, აჭარის მთავრობის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტზე მერიასთან შუამდგომლობის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი. ის ამ თანამდებობაზე აჭარის მთავრობის  ყოფილმა ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ მოიწვია.

კომპანიის მიერ წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში უკვე განიხილეს და მიიჩნიეს, რომ გეგმის დამტკიცება „უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის განვითარებას სარეკრეაციო საკურორტო მიმართულებით.“

მერიის არქიტექტურული დაგეგმვისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს კომპანიისთვის ერთადერთი რეკომენდაცია ჰქონდა, რაც დაგეგმილი პროექტის სიმაღლის 28 სართულამდე დაწევას გულისხმობს. მანუჩარ მახათაძის განმარტებით, კომპანიამ ეს მოთხოვნა უკვე გაითვალისწინა და პროექტის სიმაღლე  31 სართულიდან 27 სართულამდე დაწია.

ამ კომპანიას გასული წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 20 366 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მწვანე კონცხზე, პირდაპირ და  ინვესტიციის განხორციელების პირობით 931 000 ლარად მიჰყიდეს. კომპანიამ ოთხმილიონიანი  ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. განკარგულებას ხელი ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა. მანამდე ეს ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო და სახელმწიფოს გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე უპირობოდ გადაეცა.

ამავე თემაზე: 

საქართველოს მთავრობამ 1 თვის წინ შექმნილ კომპანიას მწვანე კონცხზე მიწა პირდაპირ მიჰყიდა

შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“  2018 წლის აგვისტოში, ერთი თვით ადრე, ვიდრე ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი ამავე კომპანიისთვის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე განკარგულებას გამოსცემდა, დაჩი ჩაგანავამ დააფუძნა. დღემდე ის ფლობს კომპანიის ასივე პროცენტს, დირექტორის თანამდებობა კი ლერი ბოლქვაძეს უკავია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: