მთავარი,სიახლეები

20 ქალს საქართველოდან საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის გადაამზადებენ

13.09.2018
20 ქალს საქართველოდან საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის გადაამზადებენ

საზღვაო სფეროში ქალების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ურთიერთგაგების მემორანდუმი გაეროს ქალთა ორგანიზაციას, საქართველოს ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციასა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში ოთხი მეზღვაური ქალის სახელობის ფონდის ჩამოყალიბებაა დაგეგმილი. ფონდი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი გოგოს სწავლას დააფინანსებს. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 20 ქალი, რომლებიც  საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.

ორი წლის განმავლობაში ქალებს შორის საზღვაო პროფესიების პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.  მე-10 და მე-11-კლასელი გოგოებისთვის, საზღვაო პროფესიებით დაინტერესების მიზნით, ჩატარდება საჯარო ლექციები. გარდა ამისა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამის სამთავრობო უწყებებსა და კომპანიებს საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული საკითხების ინტეგრირებაშიც დაეხმარება.

მსოფლიოს მასშტაბით საზღვაო ინდუსტრიაში კაცები დომინირებენ. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ქალები ამ დარგში სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა საერთაშორისო ინტერესი აღნიშნულ სფეროში ქალთა როლის მიმართ იმატებს.

ინიციატივა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ერთ-ერთი ნაწილია. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციას, საქართველოს ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციასა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა                                                                       ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.