მთავარი,სიახლეები

ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები ბათუმის კინოფესტივალზე – 16 სექტემბრიდან

06.09.2018
ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები ბათუმის კინოფესტივალზე – 16 სექტემბრიდან

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე არასაკონკურსო სექცია „დიდოსტატთა კოლექცია“ ყოველ წელს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამ სექციაში, ტრადიციულად, ცნობილი რეჟისორების ახალ ნამუშევრებს აჩვენებენ.

კინოფესტივალი ბათუმში 16-23 სექტემბერს გაიმართება და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

წელს „დიდოსტატთა კოლექციაში“ 7 ფილმი იქნება ნაჩვენები.

[checklist]

  • „ექსტაზი“

    რეჟისორი: გასპარ ნოე  

[/checklist]

ორიგინალში ფილმის სახელწოდებაა Climax-ი. მიმოხილვების თანახმად, ფილმი მოცეკვავეთა დასზე გვიამბობს. რეჟისორმა ფილმისთვის კანის წლევანდელ კინოფესტივალზე CICAE-ს [საავტორო კინოს საერთაშორისო კინოთეატრების გაერთიანება] პრიზი მიიღო.

გასპარ ნოეს საქართველოში გახმაურებული ფილმით – „სიყვარული“ იცნობენ. სწორედ ეს ფილმი ჩათვალა 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პორნოგრაფიული შინაარსის მქონედ, შს სამინისტრომ კი გამოძიება დაიწყო კონკრეტული საიტების მეშვეობით ამ ფილმის, როგორც პორნოგრაფიული მასალის გავრცელების ფაქტზე.  

[checklist]

_________________

  • „ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი“

    რეჟისორი: კიმ კი-დუკი 

[/checklist]

სამხრეთ კორეელი რეჟისორის 2018 წელს გადაღებული სურათი სხვადასხვა ასაკისა და წარმოშობის ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც სამხედრო გემით მგზავრობენ.

_________________

[checklist]

  • „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“

    რეჟისორი: ლარს ფონ ტრიერი 

[/checklist]

ფსიქოლოგიური თრილერი სერიული მკვლელის შესახებ, რომელშიც მთავარ როლებში მეტ დილონს, უმა თურმანსა და რაილი კიოს ნახავთ. Guardian-თან ლარს ფონ ტრიერმა აღნიშნა, რომ ფილმი დონალდ ტრამპითაა შთაგონებული და „ცხოვრება ბოროტებაა, რაც მტკიცდება ჰომო ტრამპუსის – ვირთხების მეფის აღზევებით.“

_________________

[checklist]

  • „ცივი ომი“

     რეჟისორი: პაველ პავლიკოვსკი

[/checklist]

სიყვარულის ისტორია, რომელიც 50-იან წლებში, ცივი ომის ფონზე ვითარდება. ფილმი რეჟისორმა თავის მშობლებს მიუძღვნა. 2018 წელს, კანის კინოფესტივალზე, პავლიკოვსკი ამ ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.

[checklist]

_________________

  • „ველური მსხლის ხე“

    რეჟისორი: ნური ბილგე ჯეილანი 

[/checklist]

თურქი რეჟისორის ფილმის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმი ძირითად საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი. აღწერის თანახმად, ფილმი მშობლიურ სოფელში დაბრუნებულ ადამიანზეა, რომელსაც მწერლობა სურს.

_________________

[checklist]

  • „ალმოდებული“

    რეჟისორი: ლი ჩანგ-დონგი 

[/checklist]

სამხრეთ კორეელი რეჟისორის სურათი ჰარუკი მურაკამის მოთხრობის თავისუფალი ეკრანიზაციაა. ფილმმა 2018 წელს კანის კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსების [FIPRESCI] პრიზი დაიმსახურა.

_________________

[checklist]

  • „ყველამ ყველაფერი იცის“

    რეჟისორი: ასგარ ფარჰადი

[/checklist]

ირანელი რეჟისორის ფილმი. ბუენოს-აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი მადრიდთან ახლოს, მშობლიურ ქალაქში ჩადის, დის ქორწილში. ეს მოგზაურობა საიდუმლოებებს ხდის ფარდას. ფილმში მთავარ როლებს ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი ასრულებენ.

_________________

კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო Wyndham-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.

კინოფესტივალის ორგანიზატორია ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი ქალაქ ბათუმის მერია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, „ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: