განათლება,მთავარი,სიახლეები

აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო პედაგოგების გაკონტროლებას – მინისტრის განცხადება

22.03.2018
აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო პედაგოგების გაკონტროლებას – მინისტრის განცხადება

„რა მიიტანა მასწავლებელმა მოსწავლემდე“ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამბობს, რომ სამინისტრო მასწავლებელთა ტრენინგების შედეგების შემოწმებას აპირებს. რას უკავშირდება სამინისტროს ინიციატივა და რა მექანიზმები არსებობს ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის შესამოწმებლად? „ბათუმელები“ ამ თემაზე მენტორ მასწავლებელს, ხათუნა ხალვაშს ესაუბრა.

ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს თქვენთვის ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის კონტროლი, რამდენად შესაძლებელია ამის შემოწმება?

მეც მებადება ეს კითხვა. ისევ მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობებით ალბათ და კრედიტებით. სხვანაირად როგორ მოახერხებენ  ვერ გეტყვით, რთული იქნება.

ამ ტრენინგების მასალები გაკვეთილებზე უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა და ეს ისედაც ჩანს, რადგან გაკვეთილის შემოწმების ბევრი მექანიზმი არსებობს. დამატებით რა უნდა გააკეთონ? მეც მოლოდინის რეჟიმში ვარ.

ხომ არ არის ეს მასწავლებლების გაკონტროლების მცდელობა?

ალბათ, შესაძლოა. სამინისტრო დამხმარეს ფუნქციაშია, მაგრამ მაინც მაკონტროლებელია.

თვითონ ტრენინგების ხარისხი თუ კონტროლდება სამინისტროს მიერ? ბევრი პედაგოგისგან მსმენია უკმაყოფილება, რომ გარკვეული ტრენინგები არაფრის მომცემია მათთვის.

ვფიქრობ, მთავარი მაინც პედაგოგის განწყობაა. თუ ის მზადაა სიახლეების მისაღებად, საინტერესო ტრენინგისგან ბევრ რამეს წამოიღებს. თუმცა ისეთი პედაგოგიც ვიცი, რომელიც კარგ ტრენინგებს ესწრება, მაგრამ მის პრაქტიკაში არაფერი იცვლება.

პროცენტულად რომ ვიანგარიშოთ, საინტერესო ტრენინგების რაოდენობა დაახლოებით რამდენი პროცენტია?

სადღაც 40 პროცენტს მაინც იღებ ახალს. მაგრამ 30 პროცენტიც რომ იყოს სიახლე, ვფიქრობ, მასწავლებელს მაინც უნდა უღირდეს მისი მოსმენა. მეც მსმენია მასწავლებლებისგან, რომ არაფრის მომცემია ტრენინგები, მაგრამ მე მაინც მომხრე ვარ ტრენინგების.

რატომ ფიქრობენ, რომ არაფრის მომცემია?

რადგან მეტი წილი ნაცნობი თემებია, ეზარებათ და აღარ უნდათ ასეთ ტრენინგებზე მისვლა. უნდათ, რომ თავიდან ბოლომდე სიახლე იყოს და ყოველთვის ასე არ ხდება. ყველაზე მეტად მაინც მასწავლებელს უჭირს სიახლის მიღება, ჩემი დაკვირვებით, რადგან ყოველთვის სწავლებას არის მიჩვეული და ჰგონია, რომ სხვაზე მეტი იცის.

თქვენ თქვით, რომ ზოგჯერ საინტერესო ტრენინგებიდანაც ვერაფერი მოაქვთ მასწავლებლებს. რატომ ხდება ასე?

ვფიქრობ, როცა უფასო, იოლად მისაწვდომია ტრენინგი და სკოლა უშვებს, ვერ აფასებენ სათანადოდ. ამას უყურებენ როგორც ვალდებულებას და არა როგორც საჭიროებას. განწყობაა უბრალოდ.

სამინისტროს მხრიდან საუბარი მიდის იმაზე, რომ ტრენინგების დეცენტრალიზება უნდა მოხდეს და მას მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აღარ ჩაატარებს. რას შეცვლის ეს, თქვენი აზრით?

ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნება, რადგან კონკურენცია გაიზრდება. თუმცა ყველას არ უნდა მისცენ ალბათ ტრენინგების ჩატარების უფლება.

ვიცით, რომ არის ისეთი ტრენინგები, რომლებიც მასწავლებელს კრედიტქულების დაგროვებაში ეხმარება. რომ არა ეს კრედიტები, როგორც ფიქრობთ, მოინდომებენ ტრენინგების გავლას პედაგოგები?

ვფიქრობ, ბოლო პერიოდში სწორედ მაგ მოტივით უფრო ესწრებოდნენ მასწავლებლები ტრენინგებს. თუმცა იყო ისეთი ტრენინგები, რომლებზეც დარეგისტრირდებოდნენ მასწავლებლები, მაგრამ შემდეგ არ იძახებდნენ და ამის გამო იყო უკმაყოფილება. რატომ არ იძახებდნენ, არ ვიცი, ალბათ მოთხოვნა იყო დიდი და ყველას არ უწევდა რიგი.

დეცენტრალიზაცია როცა მოხდება, ეს ტრენინგებს ფასიანს ხომ არ გახდის?

ვფიქრობ, გაიზრდება ფასიანი ტრენინგების რიცხვიც და ეს იქნება პრობლემა მასწავლებლებისთვის. თუმცა ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში მოტივაცია უფრო გაიზრდება. როცა ფულს გადაიხდი ამა თუ იმ ტრენინგში, მოთხოვნაც მეტი იქნება და სიახლისადმი ინტერესიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: