მთავარი,სიახლეები

მომზადებულია ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით – „ბათუმელები“ მერიის პრეტენზიაზე 

25.01.2018
მომზადებულია ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით – „ბათუმელები“ მერიის პრეტენზიაზე 

24 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიამ თავის ფეისბუქგვერდზე „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის – „ნებართვაგაცემული და დაგეგმილი მშენებლობები ძეგლის დაცვის ზონაში“ – საპასუხოდ   განცხადება გაავრცელა. განცხადებით მერია მოუწოდებს მედიას და, მათ შორის „ბათუმელებს“, გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მკითხველს შეცდომაში შეიყვანს.

ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია აქვს თვითმმართველ ორგანოს, „ბათუმელებმა“ 2017 წლის 25 დეკემბერს წერილობით გამოითხოვა ბათუმის მერიისგან, საჯარო ინფორმაციის სახით.

წერილი, რომლითაც ბათუმის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა „ბათუმელებმა“

ამ წერილით „ბათუმელები“ ითხოვდა იმ სამშენებლო პროექტების ნებართვების ასლებს, რომლებსაც ხელი მოაწერა ბათუმის მოქმედმა მერმა, ლაშა კომახიძემ.

სტატია „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა 24 იანვარს, ანუ ინფორმაციის მოთხოვნიდან ერთი თვის შემდეგ, მაშინ, როცა მივიღეთ შესაბამისი ოფიციალური წერილი [2018 წლის 17 იანვარს] და ასევე არაერთი ზეპირსიტყვიერი განმარტება მერიის შესაბამისი სამსახურიდან.

მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტი შეიცავს ვრცელ ჩამონათვალს, მისამართებისა და მშენებლობის კლასის მითითებით. დოკუმენტში ინფორმაცია დიფერენცირებულია იმის მიხედვითაც, განმცხადებელმა შეათანხმა პროექტი, თუ გაიცა სამშენებლო ნებართვა, მათ შორის აღნიშნულია გორგილაძის #28-ც.

ბათუმის მერიიდან გამოგზავნილი დოკუმენტი

წუხელ, გვიან ღამით, მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ძირითადი პრეტენზია სწორედ გორგილაძის #28-ს უკავშირდება. განცხადებაში თვითმმართველი ორგანო წერს, რომ „ზურაბ გორგილაძის #28-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უკვე იყო აშენებული ლაშა კომახიძის მერობამდე იმ სახით, როგორიც ახლა არის. მოქმედმა მერმა მხოლოდ შიდა საპროექტო ცვლილება შეითანხმა, რაც გულისხმობს შენობის შიდა კონსტრუქციის გადაადგილებას (კედლები, კოლონები.)“

ოფიციალურ დოკუმენტში, რომელშიც, წესით, ლაშა კომახიძის მიერ ხელმოწერილი ნებართვების ასლები უნდა ყოფილიყო [ვინაიდან „ბათუმელებს“ მხოლოდ ბათუმის მოქმედი მერის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტები ჰქონდა გამოთხოვილი], გორგილაძის #28-სთან დაკავშირებით მითითებულია: „მშენებლობის ნებართვის გაცემა; მეოთხე კლასი, საცხოვრებელი სახლი“.

თვითმმართველობას სტატიაში ნახსენებ კიდევ ერთ მისამართთან დაკავშირებით აქვს პრეტენზია. „სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გორგილაძის #22-ში იგეგმება ორი ათსართულიანი სახლის მშენებლობა. ამასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ ბათუმის მერიაში შემოტანილი იყო განაცხადი, რაზეც მერიამ ნებართვა არ გასცა“, – ეს არის ამონარიდი მერიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან.

ჩვენი მხრივ, განცხადების ამ ნაწილთან დაკავშირებით მხოლოდ ერთს დავძენთ: სტატიაში არსადაა ნახსენები, რომ გორგილაძის #22-ში მშენებლობაზე ნებართვა გაიცა.

რაც შეეხება მერიის პრეტენზიას გორგილაძის 51/53-თან დაკავშირებით – „ბათუმელებს“ არსად აქვს მითითებული, რომ ამ მისამართებზე მერიამ ნებართვა გასცა. სტატიაში საუბარია ინვესტორის შეთავაზებაზე მოსახლეობასთან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: