მთავარი,სიახლეები

რა თანხებს ელოდება აჭარის მთავრობა საკუთარი შპს-ებიდან

19.01.2018
რა თანხებს ელოდება აჭარის მთავრობა საკუთარი შპს-ებიდან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 40-მდე საწარმოდან აჭარის მთავრობა მიმდინარე წელს დივიდენდის სახით მხოლოდ 2 მილიონ ლარს ელოდება.

აჭარის წილობრივი მონაწილეობით, 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 35 საწარმოა რეგისტრირებული, რომლებსაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურირებს. ამ საწარმოებიდან, სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედია – 10, მოქმედი [პასიური] – 13, გაკოტრება-ლიკვიდაციის რეჟიმში – 11, ხოლო ერთი გადაცემულია მართვის უფლებით.

გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით ფუნქციონირებს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება, რომლებსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კურირებს. მათ შორისაა შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა“.

ამათგან მოგებას ანუ დივიდენდებს, რეგიონის მთავრობა მხოლოდ სამი საწარმოდან ელოდება:

სამივე საწარმოში 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

არის საწარმოები, სადაც აჭარა 100%-ზე ნაკლებ წილს ფლობს. მაგალითად, სს „ბათუმის ავტოსადგურში“ აჭარის წილი 30,9%-ია. ამ სააქციო საზოგადოების მოგებიდან დივიდენდებს აჭარის მთავრობა არ ელოდება. აქვს თუ არა მოგება „ბათუმის ავტოსადგურს“ ცალკე საკითხია, თუმცა დივიდენდების განაწილების საკითხს აჭარის მთავრობა ვერ წყვეტს, ვინაიდან მას ამ საზოგადოებაში გადამწყვეტი ხმის უფლება არ აქვს.

მართვის უფლებით გადაცემული საწარმოა შპს „CRYSTAL“-ი, რომელიც სამართავად სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზეა გადაცემული.

რატომ არ ელოდება მთავრობა დივიდენდების მიღებას სხვა საწარმოებიდან, რომლებშიც ავტონომიური რესპუბლიკა 100 ან ნაკლებ პროცენტს ფლობს, რას ნიშნავს „მოქმედი [პასიური]“ საწარმო და სხვა ასეთ კითხვებზე პასუხის მისაღებად სამინისტროს საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ წერილობით მივმართოთ და 10 სამუშაო დღის ვადაში გვიპასუხებენ.

ერთ-ერთი შპს – „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“ ბათუმის ე.წ. იახტკლუბს მართავდა. ამ კომპანიის 100% წილს აჭარა ფლობს, თუმცა გასული წლის 13 სექტემბერს კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ ამოიღო მთელი ქონება და ის ცალკე, აჭარის საკუთრებად დაარეგისტრირა. „ბათუმის ნავსაყუდელში“ გვითხრეს, რომ ტერიტორია ნავსაყუდელთან ერთად ინვესტორს უნდა გადაეცეს.

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს.

აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები [სამედიცინოს გარდა] 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით / წყარო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით არსებულ მოქმედ/პასიურ საწარმოთა რეესტრი 01.01.2018 წლის მდგომარეობით / წყარო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: