მთავარი,სიახლეები

ივანიშვილს ჩაქვიდან ხეები უკანონოდ მიაქვს – აჭარის მთავრობას ამჯერად თანხმობა არ გაუცია

17.01.2018
ივანიშვილს ჩაქვიდან ხეები უკანონოდ მიაქვს – აჭარის მთავრობას ამჯერად თანხმობა არ გაუცია

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხეა მოჭრილი. ხეებს კომპანია „ატუ“ ჭრის. ჭრის პარალელურად, ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს იღებენ. რის საფუძველზე იღებენ და გააქვთ ხეები? – აჭარის მთავრობამ ნებართვის გაცემის შესახებ დოკუმენტი ვერ მოგვაწოდა. მსგავსი დოკუმენტის გარეშე ხეების გატანა კი უკანონობაა.

აჭარის მთავრობის მიერ „ბათუმელებისთვის“ დღეს მოწოდებულ დოკუმენტში საუბარია მხოლოდ ხეების მოჭრა-დასაწყობებაზე და არა ხეების ამოღება-გატანაზე. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ინფორმაცია „ბათუმელებს“ უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული, შესაბამისად, აჭარის მთავრობას  განმეორებით ვკითხეთ, არსებობს თუ არა დოკუმენტი, რის საფუძველზეც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიიდან ხეები გააქვს. კითხვის პასუხად აჭარის მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს: „დოკუმენტი გადმოგიგზავნეთ“.

 

ტერიტორია, სადაც ხეებს ჭრიან, იღებენ და გააქვთ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში საქართველოს მთავრობამ 2016 წელს გადასცა. ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და განკარგულების დანართში აღნიშნულია, რომ ტერიტორია აჭარას ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად სჭირდება. გარდა ამ ტერიტორიისა, სახელმწიფომ აჭარას საკუთრებაში მიმდებარედ კიდევ ორი ნაკვეთი გადასცა. ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 69 732 კვადრატული მეტრია.

სახელმწიფოს მიერ აჭარისთვის გადაცემული ნაკვეთები სადაც ხეებს ჭრიან და იღებენ

რა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ესაჭიროებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთები აჭარის მთავრობას? – მთავრობამ ვერც ამ კითხვაზე გაგვცა პასუხი. ეს ტერიტორია, შესაბამისად, მასზე განთავსებული ხეები კი, აჭარის ქონებაა. 

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის გზა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო გზებს ერთმანეთთან შეაერთებს. მისივე თქმით, დეპარტამენტმა 2017 წელს შეისყიდა გზის პროექტი, რომელიც ხეების მოჭრასაც ითვალისწინებს. „ატუ“ გზას სწორედ ამ პროექტით აკეთებს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, დეპარტამენტს ქონებასთან [მათ შორის ხეებთან] და მის განკარგვასთან შეხება არ აქვს: „ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია“.

19 ერთეული ცრუ ქაფურის ხის მოჭრაზე ნებართვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს გაცემული.

15 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ენმ-ის წევრების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მთავრობის სახლის წინ ბენზოხერხებით და იმ ადგილზე გადაღებული ფოტოებით მივიდნენ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ხეები გადააქვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: