რას ყიდიან ყოფილი ხელისუფლების წევრები

 

სახელმწიფო ქონება, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირობით ან ყოველგვარი პირობის გარეშე გაიყიდა საბაზრო ფასებთან შედარებით მიზერულ თანხად, დღეს გაცილებით მაღალ ფასად იყიდება. ერთ-ერთი ასეთი ქონების – „ბათუმის საკურორტო  პოლიკლინიკის“ გასაყიდი ფასი 5 მილიონი დოლარია. პოლიკლინიკა სახელმწიფოსგან ოფიციალურად რუსეთის მოქალაქემ იყიდა, არაოფიციალური მფლობელი კი მოქმედი დეპუტატი, ლევან ქარდავა გახდა. 

 

სპეციალური გაყიდვების გვერდზე თუ მიუთითებთ გასაყიდ ქონებას ბათუმში, რომლის ღირებულება არის 100 ათასიდან ხუთ მილიონამდე დოლარი, შვიდი გასაყიდი ობიექტის შესახებ მონაცემებს მიიღებთ. მათ შორის არის „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“.

 

„ერთადერთი უნიკალური ადგილია დარჩენილი ბულვარის ტერიტორიაზე. არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს 1168 კვ.მ შენობა-ნაგებობა. მიწა მდებარეობს ბულვარში, კემპინსკისთან“, – ეს განცხადება ქონების ამჟამინდელ მეპატრონეს ეკუთვნის. ბულვარში მდებარე „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“, ანუ პროფკავშირების ქონება, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს გაყიდა. მყიდველი იყო რუსეთის მოქალაქე, 19 წლის ვიოლეტა ბეჭვაია. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, რომელსაც არაერთი ინფორმირებული ადამიანი, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ოფიციალურადაც ადასტურებს, ბულვარში ქონების რეალური მესაკუთრე გახდა დეპუტატი ლევან ქარდავა.

 

„ბათუმელებისთვის“ უცნობია რა ნათესაური კავშირი აქვს ვიოლეტა ბეჭვაიას დეპუტატ ლევან ქარდავასთან. ცესკოს ამომრჩევლების სიის მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ვიოლეტა ბეჭვაია და ლევან ქარდავა ერთსა და იმავე მისამართზე არიან დარეგისტრირებულები (ლევან ქარდავა – საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კიდევ ერთ სკანდალურ გარიგებასთან ასოცირდება – სწორედ მან იყიდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ტელეარხ 25-ის“ წილები. ამ ინფორმაციას დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ როგორც არხის ყოფილი მესაკუთრეები, ისე ლევან ქარდავა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლევან ქარდავამ ტელევიზიის წილები ისევ უკან დააბრუნა – ავტ.). 

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“ მესაკუთრემ 2013 წლის 18 თებერვალს ანუ ბოლო საპარლამეტო არჩევნებიდან ოთხ თვეში გაყიდა. უცნობია რა ფასად, რადგან დეპუტატთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ვიოლეტა ბეჭვაიას სახელზე დარეგისტრირებულ ტელეფონზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ მისამართზე ვიოლეტა ბეჭვაია არ ცხოვრობს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკის“ მფლობელი 2013 წელს ვიოლეტა ბეჭვაიასთან ერთად გახდა ნოდარ გეორგაძეც.

 

ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებით, ცოტა მოგვიანებით, 2014 წლის ივნისში, ვიოლეტა ბეჭვაიას დარჩენილი წილების მფლობელი უკვე ამირან გეორგაძე ხდება. სწორედ ეს ახალი მფლობელები ყიდიან „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკას“ 5 000 000 დოლარად.

 

პირადი ნომრებით თუ ვიმსჯელებთ, ახალი მფლობელები საქართველოს მოქალაქეები არ უნდა იყვნენ. საჯარო რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა, რომ აღნიშნული ქონება იპოთეკითაც არის დატვირთული.

 

„ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკას“ პირველ გაყიდვამდე ჰყავდა აქციონერები. მაშინ აქციონერები ითხოვდნენ, რომ თვითონ იყიდდნენ ქონებას საბალანსო ღირებულებით. საპროტესტო აქციების მიუხედავად, მათ ამის უფლება არ მისცეს.

 

გაყიდვიდან დღემდე ქონებას უვლის ყოფილი დირექტორი ნუგზარ თედორაძე. ის ამბობს, რომ ლევან ქარდავას ადვოკატთან, სანდრო ექიზაშვილთან გასულ კვირასაც ჰქონდა კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ წლებია თვითონ იხდის ელექტროენერგიის გადასახადს და არც შენობის მოვლისთვის გადაუხდიათ მისთვის თანხა. „რატომ დაუკავშირდით ლევან ქარდავას ადვოკატს, თუ ქონება, რომელსაც თქვენ უვლით, არის არა ლევან ქარდავასი, არამედ სხვისი საკუთრება? – ამ კითხვის პასუხად ნუგზარ თედორაძე ამბობს, რომ მას ყოველთვის მხოლოდ ადვოკატთან ჰქონდა ურთიერთობა: „მე ვიცი, რომ ქონება იყიდა ლევან ქარდავამ. მერე ითქვა, რომ მან ეს პოლიკლინიკა გაყიდა, მაგრამ მე მანამდეც და ახლაც კავშირი მქონდა სანდროსთან. ახლაც რომ დავურეკე, მითხრა, რომ ეტყვის ბატონ ლევან ქარდავას ჩემ შესახებ“.

 

ნუგზარ თედორაძეს იმედი აქვს, რომ ლევან ქარდავა აუნაზღაურებს როგორც საკუთარი ჯიბიდან გადახდილ ელექტროენერგიის საფასურს, ასევე „ცოტა წილსაც მისცემს ამ ქონებიდან, რადგან ამდენი წელია სრულიად უანგაროდ უვლის ქონებას“.

რა პირობით და რა ფასად იყიდა ლევან ქარდავამ საკურორტო პოლიკლინიკა ბათუმის ბულვარში, რის გაკეთებას გეგმავდა ბულვარში საკურორტო პოლიკლინიკის ნაცვლად ან რატომ გადაწყვიტა ქონების გაყიდვა? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ როგორც ნუგზარ თედორაძე უწოდებს, ლევან ქარდავას იურისტს, ალექსანდრე ექიზაშვილს მიმართა. მან თქვა, რომ ამ ქონების ყიდვის შემდეგ დიდი დრო გავიდა და არ ახსოვს პირობების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, დოკუმენტებში ჩახედვის გარეშე არ შეუძლია საუბარი. სანდრო ექიზაშვილი „ბათუმელებს“ დაჰპირდა, რომ ყველა კითხვას უპასუხებს წერილობით.

 

ბათუმის ბულვარში მდებარე ყოფილი პოლიკლინიკის შენობა 5 000 000 დოლარად იყიდება. ქონების არაოფიციალური მფლობელი პარლამენტარი ლევან ქარდავაა

 

იმავე ვებპორტალზე, სადაც ძვირადღირებული გასაყიდი ქონების ჩამონათვალია, წერია, რომ ბათუმის ბულვარში კიდევ ორი ქონება იყიდება.

 

„იყიდება კომერციული ფართი 300 კვ.მ ბათუმის ბულვარში. შენობა არის ბულვარის შუაგულში და ძალიან კარგი ადგილია მაღაზიის ან თუნდაც ოფისის გასახსნელად“, – წერია იმ ქონების გასწვრივ, რომლებსაც ბათუმელები და მისი სტუმრები იცნობდნენ, როგორც რესტორან „აკროპოლისს“. ეს რესტორანი, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებული სერვისით გამოირჩეოდა ბათუმში, უკვე დახურულია. ყოფილი რესტორნის შენობა 1 300 000 დოლარად იყიდება.

 

ტერიტორია ბულვარში ბათუმის მერიამ აღნაგობის უფლებით, 29 წლით, 2010 წელს გადასცა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ნიუ ენერჯის“, რომელმაც ქონება, თავის მხრივ, „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დატვირთა. „აკროპოლისის“ ყოფილი მენეჯერი ამბობს, რომ ქონებას სწორედ „საქართველოს ბანკი“ ყიდის: „იყიდება იმიტომ, რომ სეზონი დამთავრდა, იყიდება იმიტომ, რომ ვალები ჰქონდა, იყიდება იმიტომ, რომ წყალი შემოვიდა“.

 

კიდევ ერთი მენეჯერი ყვება, რომ „აკროპოლისში“ ყოველი შტორმის დროს შედის ზღვის წყალი. „ახლაც რომ მიხვიდეთ ადგილზე, ნახავთ, რომ სამზარეულოს ძვირადღირებული აღჭურვილობა წყალში დგას“, – უთხრა „ბათუმელებს“ „აკროპოლისის“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა, რომელიც დასძენს, რომ „აკროპოლისის“ პირველი მესაკუთრე ამჟამად რუსეთში იმყოფება.

 

ბოლო წლებამდე ბულვარში მიწა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრება იყო. გარდა ამისა, აქ მიწის გაყიდვა განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლებოდა. მიზეზი, თუ რატომ გაყიდა სახელმწიფომ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი და რა ფასად ამჯერად ახალ ბულვარში, უცნობია. ცნობილი ისაა, რომ მესაკუთრე უკვე ყიდის სახელმწიფოსგან მიღებულ ამ ქონებას. ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით შედგენილ განცხადებაში ვკითხულობთ:

„გასაყიდი მიწა ახალ ბულვარში: მიწა მდებარეობს აეროპორტის ახალ გზაზე, სანაპიროდან 1500 მეტრში. შესაძლებელია ნაკვეთის მრავალმხრივი გამოყენება. ლოტის ზომა 1,843 მეტრ კვადრატი; ფასი – 220 000 დოლარი“.

 

„იყიდება კურორტი ურეკი“ – ამ სათაურით განთავსებული ინფორმაცია ურეკში 30 785  კვ/მ ფართობის გაყიდვაზე იუწყება. მიწაზე დამაგრებულია 1 739 კვადრატული მეტრი შენობა, მათ შორის კურორტის ცენტრალური ნაწილი – 899 კვ.მეტრია. უცნობია, რა პირობით და რა ფასად მიიღო მესაკუთრემ თავის დროზე აღნიშნული ქონება, რომელსაც 3 386 000 დოლარად ყიდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ეთერ თურაძე