მთავარი

“ახალი მოსამართლეები უნდა გამოჩნდნენ” – ინტერვიუ მოსამართლე ირაკლი შავაძესთან

04.06.2016 • 8499
“ახალი მოსამართლეები უნდა გამოჩნდნენ” – ინტერვიუ მოსამართლე ირაკლი შავაძესთან

სიტყვა „ნდობა“ მოსამართლე ირაკლი შავაძემ ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ახსენა. მიიჩნევს, რომ სასამართლოს ნდობის პრობლემა ისევ აქვს და, პირველ რიგში, თავად მოსამართლეებმა უნდა სცადონ ამის გამოსწორება. ის პრობლემას უფრო მოსამართლეებში ხედავს, ვიდრე ხელისუფლებაში, რომელიც სასამართლო რეფორმების ავტორია. ირაკლი შავაძე უკვე მეხუთე თვეა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს და „ბათუმელების“ მხოლოდ ერთი შეკითხვა დატოვა უპასუხოდ. შეკითხვა ლევან მურუსიძეს შეეხებოდა. საუბრის ბოლოს მან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკრიტიკა. იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეა.

ბატონო ირაკლი, მოსამართლეობამდე ადვოკატი იყავით და საჯაროდ აკრიტიკებდით მართლმსაჯულების სისტემას, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებას. როგორ ხედავთ სასამართლო პრობლემებს მოსამართლის პოზიციიდან?

ბუნებრივია, როცა მოსამართლე ხარ, გარკვეულწილად თავს იკავებ კონკრეტული შეფასებებისგან. ადვოკატობის დროს მეტად თავისუფალი ვიყავი გამომეხატა ჩემი აზრი. ფაქტია, ჩვენი ქვეყანა ახალ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფოებრიობის კუთხით. მთლიანად ქვეყანას და, მათ შორის, სასამართლოს ბევრი გამოწვევა აქვს. დრო სჭირდება ყველაფერს, რომ დალაგდეს, მივიდეთ იქამდე, რასაც ჰქვია სამართლიანი სასამართლო და სამართლებრივი სახელმწიფო. ვფიქრობ, აქეთკენ მიდის პროცესი. ბევრი რამ გაუმჯობესდა სისტემაში, მაგალითად, სასამართლო პროცესი ელექტრონული წესით იწერება, ჟურნალისტებს თავისუფლად გაქვთ შესაძლებლობა დაესწროთ და გააშუქოთ პროცესები. ცვლილებები მიდის, მაგრამ ვიტყოდი, რომ უფრო სწრაფი ტემპია საჭირო, უფრო ეფექტური რეფორმები უნდა განხორციელდეს, რომ სასამართლოს ჰქონდეს მეტი ნდობა საზოგადოებაში.

კონკრეტულად რის შეცვლის საჭიროებას ხედავთ სასამართლო სისტემაში?

არსებითად ვეთანხმები იმ მოთხოვნებს, რასაც აყენებს სამოქალაქო სექტორი. ეს შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის წესს თუ საქმეთა ელექტრონულად გადანაწილებას. რეფორმის მესამე ტალღის ძირითადი ლოზუნგი არის ის, რომ თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს. თავად მოსამართლეც მოწოდებული უნდა იყოს იქითკენ, რომ ცხოვრობდეს დემოკრატიულ და სამართლიან ქვეყანაში.

ხედავთ ამის პოლიტიკურ ნებას? ჯერჯერობით არ შექმნილა მექანიზმი ინსტიტუციის დონეზე, რაც ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის რისკს სასამართლოზე შეამცირებდა.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლებას ჰყავს ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაიცავს თითოეული მოსამართლის უფლებას, თუკი მას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებასთან დაკავშირებით.

იგივე შეგიძლიათ თქვათ ლევან მურუსიძეზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანზე?

ლევან მურუსიძის საქმიანობაზე და მის დანიშვნაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ… ვფიქრობ, ხელისუფლებისგან ნაკლებად სავარაუდოა მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდებოდეს. თუ ასეთი რამ მოხდა, სასამართლოდან წამოსვლა ჩემთვის ტრაგედია არ იქნება. ადვოკატობამდე მოსამართლე ვიყავი და მაშინაც წამოვედი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რის გამოც გავხდი მოსამართლე და არა თავად მოსამართლის მანტია.

ხელისუფლებაზე ადრე სხვანაირად ფიქრობდით: 2014 წლის 25 აპრილს ადვოკატი იყავით და ერთ-ერთ საქმეზე თქვით: „სასამართლო ჩაერთო წინასაარჩევნო მარათონში“…

ალბათ, ასე ვთქვი. არც ახლა ვამბობ, რომ იდეალური გარემოა და ხელისუფლებას აღარ ექნება ცდუნება, ჰქონდეს სასამართლოზე გავლენა. ვხედავ, რომ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები კანონმდებლობის შეცვლის კუთხით. ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება. ოთხი წელი ვინმეს შეიძლება დიდ დროდ მოეჩვენოს და ეგონოს, რომ ყველაფრის დალაგება შეიძლებოდა, მაგრამ ვინც შიდა სამზარეულოში ჩახედულია, იცის, რომ ასე იოლი არ არის, შეცვალო ადამიანების მენტალობა.

ყველაზე მეტ საქმეს ნარკოდანაშაულებზე განიხილავთ. ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ კუთხით?

ვფიქრობ, რომ სასჯელები ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მკაცრი, თუკი საქმე არ ეხება ნარკოტიკის რეალიზებას, მომხრე ვარ, რომ მოხდეს სასჯელის ლიბერალიზაცია. მარიხუანას მოხმარებაზე ღრმად არ მიფიქრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის ისეთი რაღაც… უცხოეთის ქვეყნების პრაქტიკა რომ ავიღოთ, სადაც მოხდა დეკრიმინალიზაცია, შემცირდა მარიხუანას მოხმარების მაჩვენებელი. ბევრჯერ მქონია განცდა, რომ ადამიანები ხშირად მკაცრად ისჯებიან ნარკოტიკის მოხმარების გამო.

ასევე, ხშირად გიწევთ ოჯახური ძალადობის შემთხვევების განხილვა. ტენდენცია აშკარაა: მსხვერპლი მოდის სასამართლოში და მოითხოვს მოძალადის დაუსჯელობას. სასამართლოც ძირითადად მსჯავრდებულისთვის მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის მისჯით შემოიფარგლება. ამ მიდგომით შეიცვლება ძალადობის მაჩვენებელი ქალებზე?

ვფიქრობ, იმ საკანონმდებლო სივრცეში, რაც დღეს გვაქვს, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს სასამართლო. ერთი საქმე მახსენდება, სადაც ცოლმა გადაუხადა თანხა ძალადობაში ბრალდებულ ქმარს, ოღონდაც გირაოთი გარეთ გამოეყვანა. სასამართლო ითვალისწინებს, როცა ცოლ-ქმარი რიგდება, ჰყავთ შვილები, აღარ ჩხუბობს. ამ დროს თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ ხედავს. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაც სასჯელია და ვფიქრობ, მოძალადე ამ დროს გაიაზრებს სათანადოდ ჩადენილ დანაშაულს.

გააქტიურდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევები. ერთ-ერთმა მოსამართლემ პოლიციის მაღალჩინოსნები ტყუილშიც კი გამოიჭირა. თქვენთვის რის მაჩვენებელია ის, რომ პოლიციელის ჩვენება დამაჯერებლობას კარგავს მოსამართლის თვალში?

ჩემთან ერთი საქმე იყო მხოლოდ ასეთი, მაგრამ ვიდეომასალაც იყო წარმოდგენილი და აშკარად ჩანდა წინააღმდეგობა. არ ვიცი, გაიზარდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევის მაჩვენებელი, სტატისტიკას არ ვიცნობ ამ კუთხით. სასამართლო არ არის ორგანო, რომელიც სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს. თუკი ვინმემ მისცა ცრუ ჩვენება, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება.

თქვენი შეფასებით, რატომ არ იყენებენ საგამოძიებო ორგანოები მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს, რაც მოწმის აუცილებლად დაკითხვის შემთხვევაში, მოსამართლის დასწრებას ითვალისწინებს? დღემდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ერთი მოწმეა ამ წესით დაკითხული.

ეს წესი მაშინ მოქმედებს, როცა მოწმე ნებაყოფლობით უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. პროკურატურა ალბათ ფიქრობს, რომ სასამართლოში პირის დაკითხვით მაინც ვერ მიიღებს მისთვის სასარგებლო ჩვენებას.

ყველაზე დიდ გამოწვევად მაინც რა მიგაჩნიათ სასამართლო სისტემაში?

მთავარია, ნდობა გაიზარდოს სასამართლოს მიმართ. ნდობის გაზრდას თავად მოსამართლეებმაც უნდა შეუწყონ ხელი დასაბუთებული და არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღებით. ადამიანს კითხვის ნიშნები არ უნდა რჩებოდეს, რატომ დადგა ესა თუ ის განაჩენი. არის საუბარი, რომ უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ პროფესიონალები და ვამუშავოთ მოსამართლეებად. საქართველოში არის ბევრი კომპეტენტური და წესიერი ადამიანი, ვინც შეიძლება იმუშაოს მოსამართლედ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხდება ამ რესურსის გამოყენება. სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები უნდა გამოჩნდნენ. ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როცა კვალიფიციურ იურისტებს სურდათ მოსამართლეობა, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ. ბევრი რამეა შესაცვლელი, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რომელიც გავლილი უნდა გქონდეს, რომ მოსამართლე გახდე. ამ სკოლაში მიღებაც პრობლემაა. აღარაფერს ვამბობ, რომ პრობლემაა დღემდე მოსამართლის არჩევის წესი. მეც გამოსაცდელი ვადით – სამი წლით ვარ არჩეული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: