მთავარი,სიახლეები

მერია „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტს არ ასაჯაროებს

27.09.2017 • 1721
მერია „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტს არ ასაჯაროებს

მზად არის, მაგრამ არ არის მზად – დაახლოებით ასე ჟღერს ბათუმის მერიის პასუხი ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმების პროექტთან დაკავშირებით. მერიამ „ბათუმელებს“  ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ის „არაკონკრეტულია“, „დასამუშავებელია“, „პროექტის სახე აქვს“, „საკრებულოს არ დაუმტკიცებია“ და მასში შეიძლება ჯერ კიდევ შეიტანონ ცვლილებები.
22092432_1867188339977250_778527468_o
ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „მ“ ქვეთავი, რომელზეც მერიამ მიუთითა, განსაზღვრავს, თუ რა არის საჯარო ინფორმაცია . კანონი  განმარტავს:

„საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, სამართლებრივად პასუხი სწორადაა მომზადებული და ამ პასუხის მიხედვით ირკვევა, რომ კრიტერიუმების შესახებ პროექტი ჯერ კიდევ სამუშაო დოკუმენტია და ის მომზადებული არ არის თუნდაც საიმისოდ, რომ მისი საჯაროდ განხილვა იყოს შესაძლებელი.

მერიის პასუხს ხელს აწერს მერიის აპარატის უფროსი ნუკრი დეკანაძე.

„ბათუმელებმა“ პროექტის ასლი მას შემდეგ გამოითხოვა, რაც „ქართული ოცნების“  ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ მისი არსებობის შესახებ  გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. ის პირდაპირ ეთერში ირწმუნებოდა, რომ „იაფი სახლის“ კრიტერიუმების პროექტი მზადაა და საკრებულოშია გადაგზავნილი.  საკითხით „ბათუმელების“ დაინტერესების შემდეგ კი მან დააზუსტა, რომ კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტი მზადაა, თუმცა ის საკრებულოში გადაგზავნილი არ არის. ლაშა კომახიძის განმარტებით მან ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მოქმედ მერთან, გიორგი ერმაკოვთან გადაამოწმა.

მერიის ოფიციალური პასუხის მიხედვით კი, კრიტერიუმების პროექტი, რაზეც მერია უკვე სამი წელია მსჯელობს მზად ჯერ კიდევ არ არის.  თუ ასეთი დოუკუმენტი არსებობს, თუნდაც ის დასამუშავებელი იყოს, რატომ იხელმძღვანელა მერიამ ადმინისტრაციული კოდექსით და გაასაიდუმლოვა პროექტი მაშინ, როცა თვითმმართველობის კოდექსი პროექტების დამტკიცებამდე გასაჯაროებას და მის განხილვაში საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს? – ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ , რომელსაც იაფი სახლი უნდა აეშენებინა, მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა. მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს. 

ამავე თემაზე: ლაშა კომახიძე „იაფ სახლთან“ დაკავშირებით ეთერში მის მიერ ნათქვამ უზუსტობაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: