როცა ზედამხედველი დარღვევებს ვერ ხედავს

„ … ნებართვა გაცემული არ ყოფილა“ – ასეთი განმარტება ბოლო პერიოდში ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა რამდენჯერმე გააკეთა მას შემდეგ, რაც ბათუმში უკანონოდ დაანგრიეს, ააშენეს ან დააშენეს.

აფეთქება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე

აფეთქება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე

ცოტა ხნის წინ ბათუმში შესაბამისი სტანდარტების გარეშე მოქმედი, კუსტარული გაზგასამართი სადგური აფეთქდა, რის შედეგადაც 28 წლის კაცი დაიღუპა – ბათუმის მერმა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა იმ დღეს განაცხადეს, რომ არასტანდარტული გაზგასამართი უკანონოდ ფუნქციონირებდა და „ნებართვა გაცემული არ ყოფილა“. პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა: რატომ?

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთსართულიან ბელეტაჟს  მოქალაქე ლალი ხვიჩიამ სამი სართული დააშენა ისე, რომ მშენებლობის პროცესში ის არავის შეუჩერებია. მიუხედავად იმისა, რომ „ნებართვა გაცემული არ ყოფილა“ – საბოლოოდ კი ბათუმის მერიამ ის მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. თუმცა უკანონოდ დაშენებული სამი სართულის დემონტაჟი არ განხორციელებულა.

გორგილაძის ქუჩა #10

გორგილაძის ქუჩა #10

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში სამშენებლო კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რამდენიმე დღეში ისე დაანგრია, რომ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ ამის შესახებ სახლის დანგრევის შემდეგ გაიგო. ძეგლი ვერ გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ კანონდამრღვევს ამ ადგილზე ახლის მშენებლობის სურვილი წინასწარ ჰქონდა გაცხადებული- „ნებართვა გაცემული არ ყოფილა“. გარკვეული დროის შემდეგ კი კომპანიამ ამ ადგილზე ახალი სახლის საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები დაიწყო ისე, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქში მიმდინარე უკანონო სამშენებლო სამუშაოები მანამდე ვერ შენიშნა, ვიდრე ამ კითხვით მათ მედიამ არ მიმართა. შეტყობინების შემდეგ კი კომპანიამ სამუშაოები მანამდე არ შეაჩერა, ვიდრე იქ საპატრულო პოლიცია არ გამოჩნდა.

ვაჟა-ფშაველას #13

ვაჟა-ფშაველას #13

ბათუმში,  ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგმა“  შეთანხმებული 13 სართულის ნაცვლად თხუთმეტი ააშენა – „ნებართვა მხოლოდ 13 სართულის მშენებლობაზე იყო გაცემული“

კომპანიამ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ხის აივანი მიაშენა, აივნის მშენებლობა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურმა ის მანამდე ვერ შენიშნა, ვიდრე ამ თემაზე კითხვები მედიამ არ დასვა.

18742362_1730425210320231_1794849682_o-e1495878917194
ბათუმში სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა მშენებლობას დამცავი ბადეების გარეშე აწარმოებს და არღვევს უსაფრთხოების წესებს, თუმცა ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება არ ხდება.

კითხვაზე, რატომ აქვს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაგვიანებული რეაქცია?  – მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ზაალ მამუჭაძე პასუხობს:

„ … ზედამხედველობის სამსახური წინასწარ ინფორმაციას ვერ გაიგებს, რომელი მშენებელი რას აპირებს. ჩვენ ვმუშაობთ ფაქტებზე“. ის არ უარყოფს, რომ მისი სამსახურის ვალდებულებაა ქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროცესის ყოველდღიური ინსპექტირება და  არ უარყოფს იმასაც, რომ სამსახურის მიერ დაკისრებულ სანქციას ხშირად შედეგი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველი ინფორმაციას ფლობს, მშენებელი უკანონო მაინც აშენებს:

„…გარდა იმისა, რომ კანონმდებლობაში ხარვეზებია, ზოგიერთი მშენებელი ურჩია. დავუწერთ მითითებას, მაინც თავისას აგრძელებს. არ ჩერდება და შემდეგ გვიწევს მისი დაჯარიმება ყოველდღიურად და ვიდრე დიდ თანხას არ მიაღწევს, მანამდე არ ჩერდებიან. შედეგი ვერ დგება, რადგან კანონი ძალიან ლმობიერია. რაც შეეხება დემონტაჟს, ოფიციალურად ვაჩერებთ, მაგრამ თუ არ გაჩერდა, ვიძახებთ პოლიციას, პატრულს და საერთო ძალებით ვაჩერებთ. როცა ანგრევენ, ანგრევენ ძირითადად ღამის საათებში,“ – განმარტავს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

კომპანია „დარ ბილდინგს“, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია, ღამით არ დაუნგრევია ისტორიული სახლი ბარათაშვილის #24-ში, რომლის დემონტაჟიც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არ შეაჩერა. არც კომპანია „მარდი ჰოლდინგს“ აუშენებია სამი სართული უკანონოდ ღამის საათებში.

აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში დღემდე არ აქვთ პასუხი კითხვაზე – ვისი პასუხისმგებლობა იყო ბათუმში, დასახლებულ ზონაში უკანონოდ მოქმედი, საფრთხის შემცველი ობიექტის შემოწმება, მისი საქმიანობის შეჩერება ან კანონმდებლობის ჩარჩოში მოყვანის უზრუნველყოფა?

სამთავრობო სტრუქტურებში იმედი აქვთ, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

კუსტარულად მოწყობილი გაზგასამართი სადგური ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის #147-ში, ადგილობრივების თქმით, დაახლოებით სამი წელი მუშაობდა ისე, რომ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც ბათუმში მსგავსი ობიექტის არსებობა არ უნდა დაეშვა, ის არ შეუმჩნევია. ამ სადგურის აფეთქებამ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 28 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა. დაშავდნენ სხვებიც. დაზიანდა ექვსი და მთლიანად დაიწვა სამი სახლი.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დღესაც აცხადებს, რომ ეს ამბავი მერიას „საერთოდ არ ეხებოდა.“ თავის მხრივ იმავეს აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტშიც.

საფრთხის შემცველი ობიექტების ქალაქში განთავსების წესებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და მიმოქცევის კოდექსი“ ადგენს. კოდექსის მიხედვით, ტექნიკურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და აფხაზეთისა და აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხვედველობის ორგანოები.

აჭარაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ორ სტრუქტურას აქვს – ბათუმის მერიაში და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური ორ განყოფილებას ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილებებს აერთიანებს. სამსახურში სულ 32 სპეციალისტია დასაქმებული.

სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრავს ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულება, რომლის მიხედვითაც მერიის ზედამხედველობის სამსახურს უკანონო გაზგასამართი სადგურის აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება პირდაპირ მისი ვალდებულება იყო.

დებულების მიხედვით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებებს შორისაა:

„… სამშენებლო საქმიანობის  დად­გენილი წე­სების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე ან/და სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყ­ვა­ნაზე სამშე­ნე­ბ­ლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება და კანონმდებლობით გათვალის­წინე­ბული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;“

დებულების მიხედვით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს:

„.. უკანონო და ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავ­ტო­ფარეხების და სხვა უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ან დემონტაჟის ორგანი­­ზებას ან/და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობას;“

აფეთქების ადგილზე მცხოვრები მოსახლეობა ყვებოდა, რომ გაზგასამართი სადგურის ფუნქციონირების გამო მოსახლეობას პრობლემები ბევრჯერ შეექმნა:

„აქ გასულ წელსაც გაჩნდა ცეცხლი და მოსულები იყვნენ, მაშინ რატომ არ დაინტერესდნენ?“ „ჩემი დადებული ორი ბეტონი რომ დაინახეს, ეს რატომ ვერ დაინახეს?“ – ამბობდა ამ უბნის მოსახლეობა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კუსტარულად მოწყობილ სადგურზე ცეცხლი გაჩნდა, ის ვერც მერიის შესაბამისმა სამსახურმა შენიშნა და ვერც მერიის აღმაშენებლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა,  ტერიტორიულ ორგანოში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მერიას მიაწოდოს. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ  უკანონო გაზგასამართ სადგურთან დაკავშირებით მისთვის არავის მიუმართავს. შესაბამისად ინფორმაცია არ ჰქონდა. იმავეს ამბობს ზაალ მამუჭაძეც: „ თუ დავინახავდით, გადავცემდით შესაბამის სამსახურს, მაგრამ ისეთ ადგილზე იყო, რომ თუ ღობეს არ შეამტვრევდი, ვერ დაინახავდი“.

კანონში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ მოქალაქეს ან მეწარმეს, უფლება აქვს კერძო ტერიტორიაზე მოაწყოს ობიექტი სტანდარტების დარღვევით და ის შემოწმებას არ დაექვემდებარება.

რაც შეეხება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აქ ტექნიკური ზედამხელველობის განყოფილება ფუნქციონირებს, რომელიც ე.წ. მეხუთე კლასის მშენებლობებზე ნებართვების გაცემას და შემდგომში მათ კონტროლს გულისხმობს. როგორც თავად განმარტავენ, სამსახურის კომპეტენციაში საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლი მას შემდეგ შედის, რაც ის უწყებრივ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდება. რეგისტრირებული ობიექტების ინსპექტირებას სამსახური ოთხ წელში ერთხელ ახორციელებს. სამსახურის უფროსის, დავით ბერიძის განმარტებით, შესაბამისი შეტყობინების მიღების შემთხვევაში სამინისტროს სამსახური უკანონო გაზგასამართი სადგურის ფუნქციონირებას აუცილებლად შეაჩერებდა, მისი აღმოჩენა კი არ ევალებოდა:

„ … ფაქტის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ შემოვლა მსგავსი ობიექტების შესწავლისა და აღმოჩენის მიზნით. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს არ გვევალებოდა, მომავალში ვინ აიღებს ამას თავის თავზე, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ.“

სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევაზე ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ, თუმცა ზედამხედველობის სამსახური ბათუმში მუშაობის ტემპს არ ცვლის და ხელს კანონმდებლობისგან იშვერს მაშინ, როცა ინვესტორის ინტერესი ქალაქის იერსახეს აზარალებს და მაშინაც, როცა კანონდარღვევის დამალვას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვინ იყო დამნაშავე? – პასუხს მთავრობა ამჯერადაც საგამოძიებო სტრუქტურებისგან ელის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი