„ბათომი“ მერიის წინააღმდეგ- საქმის განხილვა გადაიდო

ორგანიზაცია „ბათომი“  ბათუმის მერიის მიერ გამოცემულ იმ სანებართვო აქტებს ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც კომპანია „დარ ბილდინგმა“ ბათუმში ბარათშვილის 24-ში ისტორიული შენობა დაანგრია. ორგანიზაციამ სასამართლოს ჯერ კიდევ მანამდე მიმართა, ვიდრე კომპანია შენობის დემონტაჟს განახორციელებდა.

დღეს დანიშნულ საქმის განხილვაზე სასამართლო დარბაზში კომპანიის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რაც მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ საქმის განხილვის შესაძლო გადადების საფუძვლად მიიჩნია: „ ვინაიდან ძირითადი კითხვები გვაქვს კომპანიასთან“- განმარტა მოსამართლემ.

საქმის გადადება მოითხოვა მოსარჩელე მხარის ადვოკატმა  ნათია მიქელაძემაც.  მან სარჩელის დაზუსტებისთვის დრო მითხოვა:

„ … გვაქვს ინფორმაცია, რომ  ისტორიული სახლის ადგილზე უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, რის გამოც ჩვენ მოგვართავთ დაზუსტებული სარჩელით“

მერიის იურისტმა მოსამართლეს სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა და შესაბამისი დოკუმენტიც წარუდგინა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბარათაშვილის 24-ში, ისტორიული განაშენიანებიდან გამომდინარე, შვიდსართულიანი სახლის მშენებლობა დაუშვებელია.

კომპანიამ 2017 წლის თებერვალში ბარათაშვილის #24-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა დაანგრია. შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს და მასზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ განიხილა, საბოლოოდ კი უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო, მაგრამ მას იცავდა ჩანაწერი კანონში ძეგლის დაცვის ზონაში არსებული შენობების შესახებ.

სახლის დანგრევის შემდეგ ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ კომპანიამ შენობა ბარათაშვილის 24-ში ნებართვის გარეშე უკანონოდ დაანგრია.

კომპანია ბარათაშვილის #24- ში 7-სართულიანი, მრავალფუნქციური სახლის აშენებას გეგმავს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ტერიტორია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის.

კომპანია „დარ ბილდინგი“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი