sufTa qalaqii

აჭარის მდინარეებში მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება

მდინარეების – მეჯინისწყლის, ბარცხანისწყლის, ყოროლისწყლის, ჩაქვისწყლის, დეხვას, აჭყვასა და კონტრიშის მიერ ჩამოტანილი „საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით“ მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება. დამჭერი მოწყობილობა დამონტაჟდება ასევე ახალ ბულვარში, ჟილინის არხის შესართავთან.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დამჭერი მოწყობილობების შესაძენად აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 180 ათას 776 ლარი გამოეყო. მოწყობილობების შეძენას სამმართველო ტენდერის გარეშე აპირებს.

„ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება დაკავშირებულია მთელ რიგ პროცედურებთან, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შესყიდვის განხორციელების ვადებს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება მიმწოდებელთან შესაძლებელი იქნება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების შესყიდვა კი, რომლებიც უზრუნველყოფს მდინარეებზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეკავებას და ზღვისა და სანაპირო ზოლის დაცვას დაბინძურებისაგან, მნიშვნელოვანია განხორციელდეს შეზღუდულ ვადებში [ტურისტული სეზონის პერიოდის დასრულებამდე]“- აცხადებენ სამმართველოში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ერთი და იმავე შინაარსის [მხოლოდ მდინარის დასახელებებია შეცვლილი] წერილებით, ერთსა და იმავე დღეს – 26 ივლისს, მიმართეს ბათუმის მერმა და ქობულეთის გამგებელმა.

ისინი თავმჯდომარეს დახმარებას სთხოვენ: „მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური სამსახურების მიერ აქტიურად ხორციელდება მყარი ნარჩენების შეგროვების და მდინარეების კალაპოტების მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები, მდინარეების მიერ ჩამოტანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და მიმდებარე პლაჟების დაბინძურების საკითხი ტურისტულ სეზონზე მაინც აქტუალურია. მოგმართავთ თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში გაგვიწიოთ დახმარება პრობლემის მოგვარებაში“.

თუმცა, მუნიციპალიტეტებს [აჭარის მთავრობასაც] შეეძლოთ ბიუჯეტის შედგენის დროს გაეთვალისწინებინათ აღნიშნული საკითხი და სპეციალური მოწყობილობები გაცილებით ადრე, ტენდერის საშუალებით შეესყიდათ და დაემონტაჟებინათ.

ამჯერად, ნარჩენების დამჭერი მოწყობილობის [400 გრძ/მ და ამდენივე მეტრი უჟანგავი ლითონის ბაგირის] შეძენის შემთხვევაში სამმართველო მას მდინარეებზე ორ კვირაში დაამონტაჟებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ელოდება.

ამავე თემაზე:

ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები

მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობება მდინარე ნატანებზე / თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობება მდინარე ნატანებზე / თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მდინარე კინტრიშის შესართავი / ქობულეთი

მდინარე კინტრიშის შესართავი / ქობულეთი

მდინარე დეხვას შესართავი / ქობულეთი

მდინარე დეხვას შესართავი / ქობულეთი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com