ქობულეთის პანსიონის საქმეზე მუსლიმი თემი ევროსასამართლოს მიმართავს

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ მუსლიმი თემი გეგმავს მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. სარჩელს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC] ამზადებს. მთავარი მოთხოვნა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენაა, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლომ კერძო პირებთან მიმართებაში დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, არაფერი შეცვლილა. ჯერ კიდევ 2014 წელს მუქარით დაწყებული გამოძიება არ დასრულებულა, არც დაზარალებულად მიუჩნევიათ ვინმე,“ – განმარტავს მარიამ ბეგაძე, EMC-ის იურისტი.

ევროსასამართლოში მუსლიმი თემი იდავებს სხვა მუხლებითაც, როგორებიცაა, განათლებისა და საკუთრების უფლების ხელყოფა. სარჩელს სულ 9 ხელმომწერი ეყოლება, ასევე ორი იურიდიული პირი – ორგანიზაციები, ვისაც ეკუთვნოდა და განკარგავდა პანსიონს ქობულეთში.

„სარჩელის მოთხოვნა იქნება ფულადი კომპენსაციაც, თუმცა თანხის კონკრეტულ ოდენობას თავად ევროსასამართლო განსაზღვრავს. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუკი სასამართლო დაადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და კონკრეტული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას“, – ამბობს მარიამ ბეგაძე.

მუსლიმი თემის დისკრიმინაცია „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 19 სექტემბერს დაადგინა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა, დადგენილიყო დისკრიმინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაშიც. გადაწყვეტილება მუსლიმმა თემმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ამჯერად უზენაესმა სასამართლომ უნდა შეაფასოს, მოიქცა თუ არა პოლიცია ადეკვატურად და სამართლიანად, როცა ადგილობრივებმა ქობულეთში გახსნილ პანსიონს ღორის თავი მიაჭედეს და მუსლიმებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. გარდა იმისა, რომ გამოძიება ვერანაირ კონკრეტულ შედეგამდე ვერ მიდის, ამ დრომდე ქობულეთის პანსიონი კანალიზაციის სისტემასთანაც არ არის მიერთებული. წყლისა და კანალიზაციის სისტემის გარეშე პანსიონი უკვე სავალდებულო ლიცენზირების პროცესსაც ვერ გაივლის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ პრობლემას არ აგვარებს. გამგეობაში „ბათუმელებს“ არ უპასუხეს კითხვაზე – მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყალი“ რატომ ეუბნება უარს პანსიონის ადმინისტრაციას წყლის მიწოდებაზე. „ქობულეთის წყალს“ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაურიცხა პანსიონმა  მომსახურების თანხა – კანალიზაციის სისტემაში ჩასართავად.

ქობულეთის  მუნიციპალიტეტის გამგეობას კონკრეტული რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმაც, –  პანსიონი კანალიზაციის სისტემაში რომ ჩაერთო. სახალხო დამცველის რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევას „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ ითვალისწინებს. ამ კანონის საფუძველზე, ომბუდსმენს შეუძლია ქობულეთის გამგეობას სასამართლოში უჩივლოს. ამ დრომდე არც სახალხო დამცველს გაუპროტესტებია ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობა.

„ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული“ , – მოგვწერეს სახალხო დამცველის აპარატიდან.

ამავე თემაზე:

რა გადაწყვიტა სასამართლომ “ქობულეთის პანსიონის საქმეზე”

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ იმჩნევს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი