სიახლეები

მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქეებს ქედაში სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ

07.07.2017 • 2914
მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქეებს ქედაში სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქედაში მცხოვრები მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პაციენტების სამედიცინო და მედიკამენტოზურ მომსახურებას დააფინასებს, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს ბათუმში გადიან.

ფსიქონევროლოგიური პაციენტებისთვის ადგილზე, ოჯახში მკურნალობის განსახორციელებლად ქედის გამგეობამ ახალი მიზნობრივი პროგრამა – „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის“ უკვე შეიმუშავა.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, გამგეობა სოფლებში მცხოვრები, აღრიცხვაზე მყოფი მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის შესაბამის სამედიცინო თუ მედიკამენტოზურ მკურნალობას ტენდერის წესით შეისყიდის, გამგებელი აქვე იმასაც დასძენს, რომ პროგრამის განსახორციელება მოქალაქეების მოთხოვნიდან გამომდინარე დაიგეგმა.

„ ყველას არ აქვს საშუალება, რომ აღრიცხვაზე მყოფი პაციენტი სამკურნალოდ ბათუმში ჩავიდეს. იყო შემთხვევები, როდესაც ასეთი პაციენტების ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ პაციენტის მარტო გაშვება არ შეიძლებოდა,  მას გამყოლი სჭირდებოდა, რაც მგზავრობის ხარჯს აორმაგებდა. მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე პროგრამა შევიმუშავეთ. ასეთ პაციენტებს ადგილზე, ოჯახში გაეწევათ შესაბამისი მომსახურება და სამკურნალო კურსი არ ჩაუვარდებათ“ – ამბობს დავით დუმბაძე.

პროგრამის განსახორციელებლად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 400 ლარი გამოყო.

„აღნიშნულ პროგრამა მომავალ წელსაც განხორციელდება, შესაბამისად, 2018 წელს ამ პროგრამის დასაფინასებლად თანხა 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, რაც შეეხება ამ დროისთვის გამოყოფილ თანხას, პროგრამულად მიმდინარე წლისთვისაა გაწერილი“ – ამბობს გამგებელი.

გამგეობის ინფორმაციით, ქედის სოფლებსა თუ დაბებში, მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე 585 პაციენტი იმყოფება აღრიცხვაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: