„ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე შეარჩია

2017 წლის „ბათუმობის“ დღესასწაულის ბიუჯეტი 87 ათასი ლარით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბათუმობაზე“ წელს 384 ათასი ლარი დაიხარჯება. „ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია. როგორც ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილმა დღეს, 28 ივნისის გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, „ბათუმობის“ სცენარი კონკურსის გარეშე, კომისიამ შეარჩია.

ალექსანდრე მითაიშვილის თქმით, კომისია იმიტომ იქმნება, რომ მან კონკურსის გარეშე გამოავლინოს გამარჯვებული.

„დროის ეკონომიის მიზნით და იმის მიზნით, რომ ხარისხი დაცული ყოფილიყო, ამიტომ შევარჩიეთ რევაზ ახრახაძის სცენარი. რეზო არის შემოქმედი კაცი, დავით ფორჩხიძესთან ერთად მოვიდა მერიაში და გვითხრა, რომ აქვს კარგი პროექტი. ჩვენ განვიხილეთ კულტურის ცენტრის პროექტიც, თუმცა ახრახაძის უკეთესი იყო და კომისიამ მისი პროექტი ამჯობინა“.

„ბათუმობის“ სცენარის ავტორი ბიუჯეტიდან ათი ათას ლარს მიიღებს.

კომისიის გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ნინო ბერაძე. მისი თქმით, კომისიამ გადაწყვეტილება არაგამჭვირვალედ მიიღო.

„განსაკუთრებული პრეტენზია მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან თუკი ჩვენ ვირჩევთ „ბათუმობის“ კონცეფციას, ამ შემთხვევაში აუცილებელია, ეს იყოს გამჭვირვალე პროცესი და საზოგადოება იყოს ინფორმირებული. განსაკუთრებით, შემოქმედებითი ჯგუფები, რადგან მათაც მიეცეთ შესაძლებლობა საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა.

როგორც დღეს ალეკო მითაიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ „ბათუმობის“ სცენარი მხოლოდ ერთმა პირმა წარმოადგინა და კომისიამაც ერთპიროვნულად დაუჭირა მხარი, რაც ჩემთვის მიუღებელია, რადგან ირღვევა საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპი. მერის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ის „ბათუმობის“ სცენარისტს რევაზ ახრახაძეს კარგად იცნობს, მოეწონა მისი სცენარი და ამიტომ მიიღეს. რატომ მხოლოდ ეს ერთი ადამიანი მონაწილეობდა, რატომ არ მიეცათ სხვებს პროექტების წარდგენის შესაძლებლობა? ბუნებრივია ეს ბადებს ეჭვებს. ნაცნობობის დრო უნდა დამთავრდეს. ნაცნობობით არ უნდა ხდებოდეს არც ინფორმაციის მიწოდება და არც პროექტების შერჩება“.

ნინო ბერაძის თქმით, მერიას ჰყავს აიპი „ბათუმის კულტურის ცენტრი“, რომელიც ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარით ფინანსდება და სწორედ ის უნდა იყოს ვალდებული ღონისძიებების პროექტები წარმოადგინოს.

„ამ აიპის პირდაპირი მოვალეობაა ქალაქში კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, თუ ამას ვერ აკეთებს, მაშინ რა ფუნქცია აქვს ამ ცენტრს?“-ამბობს ის.

ნინო ბერაძის თქმით, თუკი მერიას მიაჩნია, რომ კულტურის ცენტრი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და ვერ უზრუნველყოფს ქალაქის მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს ტენდერი იდეის, კონცეფციის შესწყიდვაზე.

„ბათუმობის“ სცენარის არაგამჭვირვალედ შერჩევაზე და „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მუშაობაზე კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს საკრებულოს სხვა წევრებმაც.

2017 წლის „ბათუმობა“  სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას არის დაგეგმილი.

„ბათუმობა“ -სთან დაკავშირებული ღობისძიებები ბათუმში

„ბათუმობასთან“ დაკავშირებული ღობისძიებები ბათუმში

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com