უსკო სამ ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია კონკურსს სამ ვაკანსიაზე აცხადებს. ვაკანსიები ახალ სამსახურშია, რომელიც უსკომ საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად და გრანტების მოსაძიებლად შექმნა. „ინსტიტუციური განვითარების სამსახურის“ ფუნქციები უსკოს რეგლამენტით განისაზღვრება. ამ ცვლილებებსა და კონკურსის დებულებაზე უმაღლესი საარჩევნო კომისია დღეს, 17 მაისს იმსჯელებს.

უსკოს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას თქმით, ახალი სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი თვეში დანამატის გარეშე დაახლოებით 1274 ლარი იქნება, სპეციალისტის  – 680. კონკურსანტებს ტესტირების გავლის შემდეგ სპეციალური კომისია გაესაუბრება. კომისიის წევრებად პარმენ ჯალაღონია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიწვევასაც გეგმავს. კონკურსის კონკრეტული პირობები მომავალი კვირას გახდება ცნობილი.

უსკო დღევანდელ სხდომაზე ასევე აპირებს მსჯელობას, უნდა დაექვემდებარონ თუ არა სავალდებულო სერტიფიცირებას სამსახურის სპეციალისტები.

„სამსახურის უფროსს, რა თქმა უნდა, მოეთხოვება სერტიფიცირება. აქ მსჯელობა იქნება იმაზე, უნდა მოვთხოვოთ თუ არა საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი სპეციალისტებს. დღეს მივიღებთ ამაზე გაადწყვეტილებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარმენ ჯალაღონიამ.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი