წიგნი რუსულ პროპაგანდაზე – პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 18:00 საათზე, ბათუმში, მაღაზია „წიგნები ბათუმში“, „რადარამი“ მე-18 თარგმანის, პიტერ პომერანცევის წიგნის – „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ პრეზენტაციას გამართავს.

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას? როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? სწორედ ამ შეკითხვებს პასუხობს პიტერ პომერანცევის წიგნი, რომელიც 2014 წელს გამოიცა.

პიტერ პომერანცევი ბრიტანელი ჟურნალისტი, ავტორი და ტელეპროდიუსერია. იგი 1977 წელს კიევში დაიბადა; მისი დაბადების შემდეგ მშობლები მალევე გერმანიაში გადასახლდნენ, ხოლო მოგვიანებით ლონდონსა და მიუნხენში ცხოვრობდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პიტერი 2001 წელს რუსეთში გაემგზავრა და ცხრა წლის განმავლობაში სატელევიოზი არხ „ტნტ“-ში იმუშავა. 2010 წელს პომერანცევი ლონდონში დაბრუნდა. 2013 წლიდან ის აქტიურად წერს და მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილ ჟურნალებსა და ფლატფორმებზე, როგორიცაა: Financial Times-ი, NewYorker.com-ი, Wall Street Journal-ი, Foreign Policy, Daily Beast-ი, Newsweek-ი, Atlanic Montly.

წიგნზე ისაუბრებენ  ილიაუნის მკვლევარი თაკო თოლორდავა და „რადარამის“ წარმომადგენელი მაია მესტუმრე.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია, სტუმრებს წიგნები გადაეცემათ საჩქურად.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება „რადარამის“ ძველი თარგმანები.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან