„ბათომის“ კიდევ ერთი მიმართვა ზურაბ პატარაძეს

ბატონო ზურაბ,

უპირველესად გამოვხატავთ კმაყოფილებას იმ საქმიანი შეხვედრის გამო, რომელიც ჩვენ შორის შედგა მიმდინარე წლის 20 იანვარს და ველოდებით ამ შეხვედრისას მიღწეული შეთანხმებების შესრულებას.

ამჯერად გვსურს მოგმართოთ ორი მწვავე პრობლემის გამო, რომელთა დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობასაც ვხედავთ; ამასთან, ორივე ეს საკითხი უშუალოდ თქვენს კომპეტენციას განეკუთვნება.

პირველი საკითხი

პირველი საკითხი  ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის #18 დადგენილებით შექმნილ “კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს”, კერძოდ კი – მისი კომპლექტაციის წესსა და შემადგენლობას. იმისათვის, რომ ჩვენი კრიტიკა მოქმედი პრაქტიკის მიმართ მარტივად გასაგები გახდეს,  აღგიწერთ სრულ სურათს.

ზოგადად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა (თუ სამშენებლო საქმიანობა არ ეხება უშუალოდ ძეგლს ან მის საკადასტრო ერთეულში განთავსებულ სხვა შენობას) ე.წ. “ერთი ფანჯრის” პრინციპით ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოს (მერიის ან გამგეობის) მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს არა უშუალოდ უძრავ  ძეგლზე ან მის ტერიტორიაზე, არამედ მის სიახლოვეს, ანუ ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში (ფიზიკური ან/და ვიზუალური დაცვის არეალში), ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია, რომ ამ პროცესში ჩართოს სხვა ადმინისტრაციული ორგანო. სწორედ ამ “სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს” წარმოადგენს ზემოაღნიშნული  “კულტურული მემკვიდრეობის საბჭო”. დებულების შესაბამისად მისი მიზანია “ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით–არქიტექტურული გარემოს, განაშენიანების ტრადიციული ფორმებისა და იერ–სახის, ისტორიული ნაწილის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ორგანიზმის (დაგეგმარების სტრუქტურა, შენობების მასშტაბი, ხედი, პანორამა, ხასიათი, სილუეტი და სხვა) დაცვასა და შენარჩუნებას”.  რაც შეეხება ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონას, იგი დგინდება ავტომატურად, ობიექტისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან და ქალაქისთვის ის შეადგენს 150 მეტრს.

ზურაბ პატარაძე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფოტო: ლელა დუმბაძე

ზურაბ პატარაძე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
ფოტო: ლელა დუმბაძე

“საბჭო” სანებართვო პროცედურებში 2–ჯერ ერთვება: პირველად იგი ადგენს დამატებით სანებართვო პირობებს ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე ჯერზე ამოწმებს – შესრულდა თუ არა პირველ ეტაპზე დადგენილი მოთხოვნები.

დაარსების დღიდან ჩამოყალიბებული არასწორი ტრადიციის შესაბამისად საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა მხოლოდ საჯარო მოხელეებითაა დაკომპლექტებული. მათ საქმიანობაზე ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ საბჭოს წევრთა უმეტესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ზოგად სისტემაზე, ურბანული გარემოს ძირითად იდენტიფიკატორებზე. ამასთან, ფორმალურადაც არ ხდება პროცედურებისა და საკუთარი დებულების მოთხოვნების დაცვა. ასე მაგალითად: ბოლო პერიოდში გახმაურებულ ყველა ობიექტზე საბჭოს მიერ მიღებულია ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაციაში მოცემულის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

ამავე დროს  “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი”, რომელიც საბჭოს დებულებაზე იერარქიულად ზემდგომი სამართლებრივი აქტია, ადგენს საბჭოს დაკომპლექტების პრინციპს, რომლის თანახმადაც საბჭო უნდა შედგებოდეს შესაბამისი უნარების, ცოდნისა და პროფესიული კეთილსინდისიერების მქონე პირებისაგან. დღეს კი საბჭო თითქმის მთლიანად ისეთი საჯარო მოხელეებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც აღნიშნულ დარგთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ საბჭოს კრიტიკა, თუნდაც მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ლოგიკას მოკლებულია. შესაბამისად, საბჭოს საქმიანობაზე პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევს მის ფორმირებაზე უფლებამოსილ პირს, ანუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

გთხოვთ მიიღოთ ზომები, რათა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე მოახდინოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ფორმირება და ის დააკომპლექტოთ შესაბამისი პროფილის და კვალიფიკაციის სპეციალისტებით.

მეორე საკითხი

მეორე საკითხი ეხება ცვლილებებს “ქალაქ ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების  რეგულირების  წესებში”. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მცირე შესავალის გაკეთება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 06 ივლისის #27 განკარგულების 1-ლი პუნქტით მოიწონა წინადადება “ქალაქ  ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების  რეგულირების  წესებში” ცვლილებების შესახებ. ერთ–ერთი ცვლილების შესაბამისად განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (ე.წ. “კ–2”) დადგენილი ზღვრული მნიშვნელობის  გაზრდის პროცედურაში აღარ მონაწილეობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ეს საკითხი საკრებულოშივე წყდება, ოღონდ საკმაოდ გართულებული გზებით. ამავე დადგენილების მე–2 პუნქტით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა რეკომენდაცია შესაბამისი ორგანიზაციულ–სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებაზე ზემოაღნიშნული ცვლილებების რეალიზაციის მიზნით.

ამ მიმართულებით მერიის მხრიდან ჯერჯერობით არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯი, რადგანაც აღნიშნულ საკითხზე არ იცნობენ თქვენს დაზუსტებულ (წერილობით) პოზიციას, რაც იქნებოდა საფუძველი საკრებულოში მერიის მხრიდან საკითხის ინიცირებისა.

ამასთანავე, ჩვენთვის ცნობილია თქვენ მიერ არაერთხელ გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ არ ესწრაფვით მონაწილეობას  “კ–2”  კოეფიციენტის გაზრდის პროცედურაში. შესაბამისად, ვფიქრობთ, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს თქვენი ამ მოსაზრების შეტყობინება მერისთვის, რაც იმედია, თავის მხრივ გამოიწვევს ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწვეტას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ  გულისხმიერებით გაეცნობით ზემოაღნიშნულ საკითხებს და მიიღებთ სათანადო გადაწყვეტილებებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.