ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვის პარკირება აკრძალულ მხარესაც დასაშვები გახდა

გუშინ, 15 მარტს, „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ბათუმის საკრებულოსა და ბათუმის მერიის თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომანქანებს კანონის დარღვევით აჩერებდნენ. დღეს ქუჩის ამ მონაკვეთში საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ მერიამ შეცვალა საგზაო ნიშნით – „სამსახურებრივი ტრანსპორტის გარდა“.

პარკირება მერიის წინ, 16 მარტი

პარკირება მერიის წინ, 16 მარტი

ქუჩის ამ მონაკვეთში მუდმივად ჭირს ავტომანქანით გადაადგილება, რადგან ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს ჩაყენებული მანქანები ამის საშუალებას არ იძლევა. ამის მიუხედავად, მერიაში გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მაინც მიიჩნიეს, რომ მანქანების ქუჩის ორივე მხარეს ლეგალურად გაჩერება სწორი გადაწყვეტილებაა.

მოლოდინი, რომ ბათუმის მერიაში სწორედ ასე მოიქცეოდნენ, გუშინ, „ბათუმელების“ მიერ სტატიის გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა. სოციალურ ქსელებში ამაზე ბევრმა დაწერა.  „მალე აკრძალულ მხარესაც დასაშვები გახდება პარკირება მერიის და საკრებულოს თანამშრომლებისთვის და ასე ბედნიერად მოაგვარებენ პრობლემას“  – ასეთი იყო ერთ-ერთი მოქალაქის კომენტარი 15 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაზე.  

Untitled

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან